OPEC-ის დე-ფაქტო ლიდერმა, საუდის არაბეთმა საერთაშორისო ენერგეტიკული ბირჟისთვის ნავთობის მიწოდების მკვეთრად შემცირების გადაწყვეტილება მიიღო. ივლისიდან ნედლი ნავთობის მიწოდება დღიურად 1 მილიონი ბარელით დაეცემა, რაც საუდის არაბეთის საერთო დღიურ წარმოებას 9 მილიონ ბარელამდე შეამცირებს.
აღსანიშნავია, რომ უშუალოდ OPEC-მა ნავთობის წარმოების უცვლელად დატოვების გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა საუდის არაბეთმა მიწოდება დამოუკიდებლად, ერთპიროვნულად შეამცირა. საერთაშორისო ბაზრისთვის ნავთობის მიწოდების შემცირება ბირჟაზე ენერგორესურსების გაძვირებას იწვევს, რითაც ყველაზე დიდ სარგებელს სწორედ OPEC-ის წევრი სახელმწიფოები იღებენ, მათ შორის რუსეთის ფედერაცია, რომელიც ენერგორესურსების ერთ-ერთი უმსხვილესი ექსპორტიორია.
საუდის არაბეთი ამჟამად რუსეთისთვის ხელსაყრელ ეკონომიკურ პოლიტიკას ატარებს, რაც იმ მარტივი მიზეზით არის განპირობებული, რომ არაბეთის ლიდერსა და რუსეთის პრეზიდენტს საკმაოდ კარგი, მეგობრული ურთიერთობა აქვთ.
ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ გაძვირებული ენერგორესურსები ყველაზე ხელსაყრელი სწორედ საუდის არაბეთისთვისაა, რომელმაც გასულ წელს რეკორდული შემოსავლები მიიღო.
სახელმწიფო კომპანია Saudi Aramco-მ 2022 წელს 161 მილიარდი დოლარის წმინდა მოგება მიიღო, რაც კაცობრიობის ისტორიაში დაფიქსირებული უმაღლესი მაჩვენებელია.