ფინანსთა სამინისტრომ 2023 წლის აპრილის მდგომარეობით საქართველოს საგარეო ვალის ამსახველი სტატისტიკა გამოაქვეყნა. დოკუმენტის თანახმად, გასულ თვეში საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალმა 8 მილიარდ 550 მლნ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 730 მილიონი დოლარით მეტია, თუმცა, დოლართან და ევროსთან ლარის გამყარების გამო ეროვნულ ვალუტაში გამოსახული ვალის მოცულობა 21 მილიარდ 350 მლნ ლარია, რაც წლიურად დაახლოებით 2-ნახევარი მილიარდით არის შემცირებული.
საქართველოს საგარეო ვალში პირველ ადგილზე აზიის განვითარების ბანკის კრედიტია, რომლებიც ქვეყანამ უმსხვილესი ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარებისთვის აიღო. მეორე ადგილზეა მსოფლიო ბანკის ჯგუფი, რომლის კრედიტებიც ასევე ძირითადად ინფრასტრუქტურულ პროექტებს ხმარდება. მესამე ადგილზეა ევროპის საინვესტიციო ბანკი.