იტალიის სერია A-ს ბოლო ტურში სტადიო დიეგო არმანდო მარადონაზე „ნაპოლიმ“„სამპდორიას“ უმასპინძლა და მეტოქე ანგარიშით 2:0 დაამარცხა. მატჩის დაწყებამდე იტალიის ფეხბურთის ასოციაციამ ხვიჩა კვარაცხელიას საუკეთესო ფეხბურთელის პრიზი გადასცა, მასთან ერთად ასევე დააჯილდოვეს სეზონის საუკეთესო თავდასხმელად დასახელებული ვიქტორ ოსიმენი და საუკეთესო მცველი კიმ მინ ჯე. ასევე წლის საუკეთესო მწვრთნელად დასახელდა ლუჩიანო სპალეტი, რომლისთვისაც „სამპდორიასთა“ გამართული მატჩი „ნაპოლის“ მთავარი მწვრთნელის რანგში ბოლო იყო, როგორც იტალიელმა სპეციალისტმა განაცხადა მან 1 წლიანი პაუზა აიღო.
რაც შეეხება უშუალოდ შეხვედრას, საწყისი წუთებიდანვე უპირატესობას ნეაპოლიტანელები ფლობდნენ, მათ პირველივე ტაიმში არაერთხელ შეძლეს მეტოქის კართან სახიფათო მომენტის შექმნა, მაგრამ სპალეტის გუნდს არ გაუმრთლა. საკმაოდ აქტიური იყო ხვიჩა კვარაცხელიაც, რომელმაც პირველ ტაიმში „სამპდორიას“ კარის მიმართულებით ორჯერ დაარტყა, პირველ შემთხვევაში მისი დარტყმული მცველმა დაბლოკა, ხოლო მორიგ ჯერზე ბურთი კარს აცდა. ის მთელი ტაიმის განმავლობაში ორივე ფლანგიდან აქტიურად უტევდა და მცველებისთვის დიდ პრობლემას წარმოადგენდა. საბოლოოდ შეხვედრაში ანგარიში მეორე ნახევარში გაიხსნა, 61-ე წუთზე ვიქრო ოსიმენმა თერთმეტმეტრიანი გამოიმუშავა, რომელიც სერია A- საუკეთესო ბომბარდირმა თავად დაარტყა და „ნაპოლი“ დააწინაურა. ამის შემდეგ მასპინძლებმა ბურთის კონტროლი გააძლიერეს და ცდილობდნენ მეტი დრო მეტოქის საჯარიმოსთან გაეტარებინათ, თავის მხრივ „სამპდორიაც“ ცდილობდა ჩემპიონების კარში გოლის გატანას, თუმცა მათ არაფერი გამოუვიდათ, 85-ე წუთზე კონტრშეტევაზე სწრაფად გადასულმა ჯოვანი სიმეონემ საჯარიმოს გარედან შორეული ულამაზესი დარტყმით შეხვედრაში საბოლოო ანგარიში დააფიქსირა 2:0. ამ მატჩს კიდევ ერთი სიმბოლური დატვირთვა ახლდა თან, იტალიელამ ლეგენდარულმა ფაბიო კუალიარელამ საფეხბურთო კარიერა მშოვლიულ ნეაპოლში დაასრულა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ „ნაპოლიმ“ კუთვნილი სკუდეტო ჩაიბარა, ლუჩიანო სპალეტის გუნდმა 2022/2023 წლების სეზონი მაჟორულ ნოტაზე დაასრულა, საბოლოოდ გუნდმა 90 ქულა მოიპოვა და მეორე ადგილოსან „ლაციოს“ 16 ქულით გაასწრო. რაც შეეხება ხვიჩა კვარაცხელიას, ქართველმა შემტევმა სადებიუტო სეზონში 12 გოლი გაიტანა 10 საგოლე გადაცემა შეასრულა, მნიშვნელოვან შეხვედრებში გუნდს ულიდერა და საბოლოოდ სერია A-ს წლის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდო ღირსეულად დაიმსახურა. დაჯილდოების შემდეგ ქართველმა ვარსკვლავმა DAZN-თან ისაუბრა: "მადლობა ამ პრიზისთვის, მაგრამ ამას მხოლოდ მე არ ვიმსახურებდი, ეს ჩემ გუნდელებსაც ეკუთვნით, რადგან მათ გარეშე ამ პრიზს ვერ მოვიპოვებდი. მათ თავდაჯერებულობა შემმატეს, რომ საუკეთესო ფორმაში ვყოფილიყავი. მადლობა ქართველ გულშემატკივრებს, რომლებიც ჩემს გამო აქ ჩამოდიოდნენ. მათ არამხოლოდ მე, არამედ ქალაქიც შეიყვარეს. საუკეთესო მომენტი უდინეში იყო, როცა დიდხნიანი სეზონის შემდეგ ჩემპიონობა გავიფორმეთ. გუნდს ოსიმენიდან დაწყებული დი ლორენცოთი დამთავრებული ბევრი ლიდერი ჰყავს. მომავალი? ერთი რამ შემიძლია დარწმუნებით ვთქვა, მე მიყვარს ნაპოლი", - აღნიშნა კვარაცხელიამ.