მაისში ამერიკული დიპლომატიის პატრიარქს ჰენრი კისინჯერს, რომელიც იმავდროულად „რეალპოლიტიკის“ ფუძემდებელია, 100 წელი შეუსრულდა. იუბილეს წინ ჟურნალმა „ეკონომისტმა“ მასთან ვრცელი ინტერვიუ გამოაქვეყნა. სწორედ ეს ინტერვიუ გახდა მიზეზი იმისა, რომ „ინტერპრესნიუსი“ ცნობილ ქართველ დიპლომატს, საქართველოს ყოფილ ელჩს ამერიკის შეერთებულ შტატებში, საქართველოს უშიშროების საბჭოს ყოფილ მდივანს და საგარეო საქმეთა მინისტრს, თედო ჯაფარიძეს დაუკავშირდა, რომელსაც, როგორც ჩვენთვის ცნობილია, ჰერნი კისინჯერთან ჰქონდა რამდენიმე შეხვედრა. მან ამ თემაზე მასალის მომზადება იუარა, მაგრამ შემდეგ შემოგვთავაზა კისინჯერის უახლოეს თანამოაზრესთან ტომას გრემთან ინტერვიუს ჩაწერა.
კონსულტაციების შემდეგ, მსოფლიო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე შედგა საუბარი-დიალოგი დიდი ხნის ნაცნობებს - ტომას გრემსა და თედო ჯაფარიძეს შორის. „ინტერპრესნიუსმა“ მათი საუბარი ჩაიწერა, რისთვისაც მადლობას უხდის თედო ჯაფარიძეს მასალის მომზადებაში დახმარებისათვის.
- ტომას, ერთმანეთს 1994 წლიდან ვიცნობთ. სახელმწიფო დეპარტამენტსა თუ თეთრ სახლში შენი სხვადასხვა თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში, უამრავჯერ გვისაუბრია, - განსაკუთრებით კი მას შემდეგ, რაც ჰენრი კისინჯერის ჯგუფს შეუერთდი.
საქართველო ყოველთვის გაინტერესებდა და ცდილობდი, ჩვენი ქვეყნის პრობლემები ჰენრი კისინჯერის ყურამდე მიგეტანა; გვეხმარებოდი მასთან შეხვედრების ორგანიზებაში, რაც იოლი არ იყო - კისინჯერთან შეხვედრა ხომ მთელ მსოფლიოს სურდა. მახსენდება 2018 წელს, ნიუ-იორკში, კისინჯერის იმდროინდელ პრემიერ-მინისტრთან, გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრა და მათი სტრატეგიული მსჯელობა მსოფლიო პოლიტიკაზე, საქართველოს ადგილსა და მომავალზე.
მოგეხსენება, მსოფლიო მნიშვნელოვნად შეიცვალა მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომი წამოიწყო. ბევრი ფიქრობს, რომ გეოპოლიტიკა და “რეალპოლიტიკა” იმ გაგებით, რომელიც 2022 წლის 24 თებერვლამდე არსებობდა, აღარ არსებობს.
აშშ, ევროკავშირი და ნატო 15 თვეა ეხმარებიან უკრაინას, თავი დაიცვას რუსეთის აგრესიისაგან. როგორ დაახასიათებდი უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ მსოფლიოში ჩამოყალიბებულ რეალობას?
- უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიამ გლობალური გეოპოლიტიკური რეალიები მართლაც არსობრივად შეცვალა. ტრანსატლანტიკური თანამეგობრობა უფრო ერთიანი გახდა, ვიდრე ამას ბოლო ათწლეულებში ვხედავდით და სწრაფად აღიდგინა ძალები იმ გაურკვევლობის შემდეგ, რაც აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის, ევროპელი მოკავშირეების მიმართ ამრეზით ყურებამ შექმნა.
ნატო პირვანდელ მისიას - რუსეთის შეკავებას დაუბრუნდა. პუტინის აგრესია ასევე ასუსტებს რუსეთის გავლენას პოსტსაბჭოთა სივრცეში. ამაზე ალბათ კიდევ ვისაუბრებთ.... განაგრძე კითხვა