რუსული არმია სჩადის ომის დანაშაულებს, რუსეთმა უკრაინის ტერიტორია უნდა დატოვოს, უკრაინამ ტერიტორიული მთლიანობა უნდა აღადგინოს, ალტერნატიული სცენარი არ შეიძლება არსებობდეს, - ასე ეხმაურება უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი, ოლეგ ნიკოლენკო ინდონეზიის მიერ შეთავაზებულ სამშვიდობო გეგმას.
„ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსული არმია სჩადის ომის დანაშაულებს, დანაშაულებს კაცობრიობის წინააღმდეგ და გენოციდს. რუსეთმა უნდა დატოვოს უკრაინის ტერიტორიები და უკრაინამ უნდა აღადგინოს თავისი ტერიტორიული მთლიანობა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, ალტერნატიული სცენარი არ შეიძლება არსებობდეს", - დაწერა ნიკოლენკომ „ფეისბუქზე“.
მისი თქმით, რუსეთი ყველანაირად ცდილობს, უკრაინის კონტრშეტევა ჩაშალოს და უკრაინის ტერიტორიიდან რუსული ჯარების გაყვანის გარეშე აქტიური საომარი მოქმედებების შეწყვეტა რუსეთს საშუალებას მისცემს, გადაჯგუფდეს და გააძლიეროს ძალები აგრესიის ახალი ეტაპისთვის.
„გრძელვადიანი მშვიდობა უკრაინაში ნიშნავს უკრაინის ტერიტორიების გათავისუფლებას რუსული ოკუპაციისგან. სწორედ ამას ისახავს მიზნად უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მშვიდობის ფორმულა. ჩვენ ვიწვევთ ინდონეზიას შეუერთდეს მის აქტიურ განხორციელებას", - განაცხადა ნიკოლენკომ.
ამასთან, მისივე თქმით, უკრაინასა და რუსეთს შორის არ არსებობს სადავო ტერიტორიები და რუსული არმიის მიერ დაკავებული ტერიტორიები ოკუპირებულია.
ინდონეზიამ უკრაინასთან დაკავშირებით თავისი სამშვიდობო გეგმა წარადგინა. როგორც ინდონეზიის თავდაცვის მინისტრმა, პრაბოვო სუბიანტომ განაცხადა, სამშვიდობო გეგმა ითვალისწინებს ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტას, სამშვიდობო ძალების კონტროლქვეშ დემილიტარიზებული ზონის შექმნას და გაერო-ს ეგიდით ახალი რეფერენდუმების გამართვა „სადავო ტერიტორიებზე“.