თურქეთში რეჯეფ თაიფ ერდოღანის ინაუგურაციისთვის ემზადებიან. ფიცის დადების ცერემონიას 78 ქვეყნის მაღალი დონის ოფიციალური პირები დაესწრებიან. თურქული მედიის ინფორმაციით, ანკარაში მდებარე საპრეზიდენტო კომპლექსში ინაუგურაციის ცერემონიაში მონაწილეობას 21 ქვეყნის მეთაური, 13 ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები მიიღებენ. ფიცის დადების ცერემონიის შემდეგ ერდოღანი მანდატს თურქეთის დიდი ეროვნული ასამბლეის დროებითი თავმჯდომარისგან, დევლეთ ბაჰჩელისგან მიიღებს. ცერემონიის შემდეგ ერდოღანი ანიტკაბირის კომპლექსს ეწვევა, სადაც მუსტაფა ქემალ ათათურქის მავზოლეუმი მდებარეობს. ერდოღანმა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში 52.18 პროცენტით გაიმარჯვა.