საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა რამაზ ზოიძემ ოლიმპიურ და მსოფლიოს ჩემპიონ მოჰამადრეზა აბდულჰამიდ გერაეისთან შთამბეჭდავი რევანში აიღო და ყირგიზეთის დედაქალაქ ბიშკეკში მიმდინარე სარეიტინგო ტურნირის ჩემპიონი გახდა.
რამაზის უპირატესობა აშკარა იყო. მან ირანელს შანსი არ დაუტოვა და ფინალში ვადაზე ადრე - 11:1 მოუგო.
ცნობისთვის, ზოიძე ბიშკეკის ტურნირში კვალიფიკაციიდან ჩაერთო, სადაც მასპინძელი ხაბიბულო ტინჩტიკ უულო 10:0 დაამარცხა, მეოთხედფინალში ყაზახ იერასილ ნურბოსინოვს 9:0 სძლია და არც ნახევარფინალში ჰქონია პრობლემა უზბეკ აბდულო ალიევთან - 4:0.
ამავე წონაში ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა ოთარ აბულაძე, რომელმაც კვალიფიკაციაში სწორედ ხსენებულ გერაეისთან 3:9 წააგო, რეპეშაჟში კი ყაზახ ადილხან სატაიევსა (8:0) და ინდოელ ვიკას ვიკასს (2:0) აჯობა.
ვერცხლის მედალს დაეუფლა იური ლომაძე რომელიც ფინალში ირანელ მოჰამადალი აბდულჰამიდ გერაეისთან 3:8 დამარცხდა.
ბრინჯაოს მედალი დაისაკუთრა გელა ბოლქვაძემ ის ნახევარფინალში ირანელ ალირეზა აზიზხონ მოჰმადიპიანისთან 1:4 წააგო, რეპეშაჟში კი ყაზახ შამილ ბატიროვს 9:0 სძლია.
შეგახსენებთ, რომ გუშინ ბიშკეკის ტურნირზე კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ასვლა მოახერხა ლერი აბულაძემ (63 კგ.), ხოლო გურამ ხეცურიანი (87 კგ.) ვერცხლის მედალს დაეუფლა.