საქართველოს სახალხო დამცველი რუსთაველზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე განვითარებულ მოვლენებსა და უფლებადამცველთა დაკავების ფაქტებს ეხმიანება, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კი კიდევ ერთხელ მოუწოდებს - იმოქმედოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად და უზრუნველყოს სრულიად მშვიდობიანი აქციის მონაწილეთა შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების დაცვა. ამის შესახებ სახალხო დამცველის აპარატის განცხადებაშია ნათქვამი. სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ, ხაზგასმით აღნიშნავს, რომ გამოხატვის თავისუფლებით დაცულია არა მხოლოდ პოზიტიური ზოგადი ინფორმაცია და იდეები, როგორც უწყინარი ანდა ინდიფერენტული, არამედ ისეთებიც, რომლებიც შეურაცხმყოფელი, გამაოგნებელი ან შემაწუხებელია.