გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მინისტრი, ბენ უოლესი აცხადებს, რომ უკრაინის ნატო-ში გაწევრიანება უახლოეს მომავალში არ მოხდება. მისი თქმით, რიგი ქვეყნები მზად არიან უკრაინასთან ორმხრივი ან მრავალმხრივი „თავდაცვის პაქტები“ დადონ და ქვეყნის სამხედრო შესაძლებლობების გასაზრდელად გრძელვადიან გეგმებს მხარი დაუჭირონ. უოლესის თქმით, ეს საჭიროა, რათა ხაზი გაესვას საკითხს, რომ უკრაინაში შეჭრა მომავალში რუსეთს თუ ვინმე სხვას ძვირი დაუჯდება. გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მინისტრი თვლის, რომ ამგვარი ორმხრივი შეთანხმებები შეიძლება რუსეთის შეკავებაში წარმატებული იყოს. მისივე თქმით, დასავლეთის ქვეყნები უკრაინისთვის იარაღის მიწოდებასა და მის დაფინანსებას კვლავ მხარს უჭერენ, რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებების დასაწყებად კი კიევზე ზეწოლას არ ახორციელებენ.