საქართველოსთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების - ქვეყნისთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის შესაძლო მინიჭების - მოახლოების ფონზე ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულების პროცესი მთავარი განხილვის საკითხია. ევროპელი ლიდერები პრიორიტეტების შესრულების აუცილებლობაზე საუბრობენ. და აცხადებენ, რომ ევროპა საქართველოს ევროპულ ოჯახში ელის. ქართველი პოლიტიკური ფიგურები კი ერთმანეთს ბრალდებებს უყენებენ. ოპოზიცია ქართულ ოცნებას რეფორმების შეუსრულებლობაში ადანაშაულებს. ხელისუფლება კი ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესში ოპონენტების საბოტაჟზე მიუთითებს.