HBO-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, კიმ კეტრელს And Just Like That-ის მე-2 სეზონში ვიხილავთ. მსახიობი სამანტა ჯონსის პერსონაჟს განასახიერებს და როგორც უკვე ცნობილია, ის მხოლოდ ერთ სცენაში გამოჩნდება.
Variety-ის მიხედვით, კიმ კეტრელის მონაწილეობით And Just Like That-ის სცენა 22 მარტს გადაიღეს, თუმცა ამის შესახებ აქამდე ინფორმაცია არ ვრცელდებოდა. გადაღებების პროცესში კიმ კეტრელს სერიალის სხვა მსახიობებთან და რეჟისორთან ურთიერთობა არ ჰქონია და როგორც უკვე ვიცით, მსახიობის მონაწილეობთ მაყურებელი მხოლოდ ერთ სცენას იხილავს.
And Just Like That-ის პირველი სეზონის პრემიერა 2021 წელს შედგა, რომელშიც კიმ კეტრელს მონაწილეობა არ მიუღია. სერიალის სიუჟეტის მიხედვით, კიმ კეტრელის პერსონაჟი სამანტა სამუშაოდ ლონდონში გადავიდა და ამის შემდეგ მეგობრებს აღარ შეხმიანებია.
რაც შეეხება კიმ კეტრელს, მან არაერთხელ აღნიშნა, რომ Sex and the City-ის გაგრძელებაში ან ახალ ფილმში მონაწილეობის მიღება არ სურდა. "სამანტა ჩემი გმირი იყო, თუმცა ახლა დასვენება მინდა", — განაცხადა მსახიობმა 2016 წლის ინტერვიუში.
And Just Like That-ის მე-2 სეზონის პრემიერა 22 ივნისს შედგება.