ეს იყო დიდი სახელმწიფოს მებრძოლი ლიდერის მიმართვა, უკმაყოფილო მიმართვა ნატო-სა და ევროკავშირის მიმართ , - ასე შეაფასა პარლამენტის უფრაქციო დეპუტატმა, თამარ კორძაიამ უკრაინის პრეზიდენტის განცხადება, რომელიც ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოლდოვაში ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე გააკეთა.
როგორც კორძაიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „პოლიტიკური სივრცეში“ განაცხადა, ზელენსკი გლობალურად ხედავს რუსეთის დამარცხების გზას.
მისი შეფასებით, ზელენსკის განცხადება გაიგო ისე, რომ უკრაინის პრეზიდენტმა ღია კარის პოლიტიკის დატოვება მოითხოვა, იმისათვის, რომ ყველამ ერთად დაამარცხოს რუსეთი.
“ჩემი აზრით, ეს იყო დიდი სახელმწიფოს მებრძოლი ლიდერის მიმართვა [ვოლოდიმირ ზელენსკი], უკმაყოფილო მიმართვა ნატო-სა და ევროკავშირის მიმართ. ზელენსკიმ ხაზი გაუსვა, რომ იქ სადაც საკუთარი სისხლით იბრძვიან უკრაინელები, იმათ არ აქვთ მკაფიო პასუხი და, რა თქმა უნდა, საქართველოსთანა პატარა ქვეყანა იქნება მძიმე მდგომარეობაში, ეს იყო ტექსტი. ბელარუსს სხვა კონტექსტი აქვს. ორივე ქვეყანა ცუდ მდგომარეობაში ვართ, ბელარუსიც და საქართველოც. დარწმუნებული ვარ, რომ ზელენსკის საქართველოზე უფრო შესტკივა გული, ვიდრე ბელორუსზე.
ზელენსკი გლობალურად ხედავს რუსეთის დამარცხების გზას. ვიღაცები გაიბუტნენ, უკაცრავად, მაგრამ ასე არ ხდება. ჩვენ იქ წარმოდგენილი ვართ სუვერენული სახელმწიფოს სახელით. სუვერენული სახელმწიფო არ მიდის თავისი პოლიტიკური სიტყვით, რომ „ჩუმად ვარ და ვცდილობ გავძვრეო“, ის გვეწყინა, რომ ზელენსკიმ დაგვიცვა“, - განაცხადა კორძაიამ.
მისი შეფასებით, პრემიერ-მინისტრი არც კი ამბობს, რომ საქართველოს გაცხადებული მიზანია ნატო-სა და ევროკავშირის წევრობა, რაც იმას ნიშნავს, რომ ის არ ასრულებს სუვერენული სახელმწიფოს მეთაურის ვალდებულებებს.
„ჩვენ გვყავს დამღუპველი ხელისუფლება. ვინც პოლიტიკოსია, ის ქმნის პოლიტიკას. რა პოზიციით ჩავიდა ღარიბაშვილი, არავინ იცის. ამბობს, რომ ტურბულენტურ ვითარებაში უნდა გავძვრეთო და ეს არ არის პოლიტიკის კეთება, ეს არის დამკვირვებლობა. თუ დამკვირვებლობა უნდა წავიდეს და ექსპერტულად იმუშაოს. სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრი არც კი ამბობს, რომ ჩვენი გაცხადებული მიზანია ნატო-სა და ევროკავშირის წევრობა, ეს იმას ნიშნავს, რომ ის არ ასრულებს საკუთარ ვალდებულებებს, როგორც სუვერენული სახელმწიფოს მეთაურის.
ზელენსკის შეიძლება საერთოდ არ ადარდებდეს საქართველო, ბელარუსი და ა.შ. მაგრამ მას კარგად ესმის გლობალური პოლიტიკა. რუსეთის შევიწროების გზას ის ხედავს, იმაში რომ რუსეთის მოსაზღვრე სახელმწიფოები ყველა უნდა იყოს ნატო-ს წევრი, ეს არის რუსეთის დასუსტების გზა“,- განაცხადა კორძაიამ.
ცნობისთვის, მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოლდოვის უსაფრთხოების სამიტზე განაცხადა: „ვხედავთ, რა ხდება ბელარუსში და რა ხდება საქართველოში, როგორ ჩაითრიეს ეს ქვეყნები სხვადასხვა გზით უკანონობაში“.
„ყველა ევროპული ქვეყანა, რომლის დაყოფაც რუსეთს უნდა, უნდა გახდეს ევროკავშირის და ნატო-ს წევრი“, - განაცხადა ზელენსკიმ.