თუ კაპიტულაციას გამოაცხადებ, მშვიდობა იქნება, აბა რა იქნება?! როცა კაპიტულაციას არ აცხადებ და ცდილობ, დამოუკიდებელი იყო, მაშინ არის საფრთხე იმისა, რომ ძალით დაგიპყრობენ, - ამის შესახებ პოლიტოლოგმა და კონსტიტუციონალისტმა ვახტანგ ძაბირაძემ განაცხადა.
როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემა „პოლიტიკურ სივრცეში“ აღნიშნა, ქვეყანაში რუსეთის სახით საფრთხე სულ იარსებებს, მაგრამ საქართველომ უსაფრთხოების გარანტიები უნდა ეძებოს და და ეს გარანტიები მხოლოდ იქ არსებობს, სადაც ევროპული ოჯახია.
„არსებებს პოლიტიკური პროცესები და ამ პროცესის მიმართ და მიხედვით უნდა გაიმყაროს ხელისუფლებამ პოზიცია. მშვიდობა რომ კარგია, ამას არავინ უარყოფს, მაგრამ დღევანდელ ვითარებაში არჩევანის საკითხი დგას. საქართველომ მშვიდობაზე რამდენიც არ უნდა ილაპარაკოს, ეს მასზე დამოკიდებული მაინც არ არის. დღეს საქართველოს ხელისუფლებამ არამარტო უნდა განაცხადოს ის, რომ ჩვენ ევროპულ ოჯახში გაწევრიანება გვინდა, არამედ შესაბამისი ნაბიჯებიც უნდა გადადგას.
საჭირო არ არის იმის განმარტება, რომ რუსეთთან ვაჭრობითა და დასავლეთთან ვაჭრობით მიღებული შემოსავლები ერთმანეთისგან კატასტროფულად განსხვავდება. აქ საუბარია არა რაოდენობაზე, არამედ პოლიტიკაზე. როდესაც დასავლეთი ცდილობს, რომ რუსეთი იზოლაციაში მოაქციოს და მასთან სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს ამცირებს, საქართველოს ხელისუფლება პირიქით იქცევა. ჩვენ ამ ურთიერთობებს ახლა ვზრდით, რაც ჩემი აზრით, არასწორია. უნდა იყოს საკმაოდ მკაფიოდ ჩამოყალიბებული პოლიტიკა, რომელიც არ გააჩენს არანაირ ეჭვს, რომ საქართველო ევროპელი პარტნიორების გვერდით დგას. დღეს, სამწუხაროდ, საქართველო ამას არ აკეთებს.
ღარიბაშვილის დღევანდელი გამოსვლა, ბრატისლავასთან შედარებით, უფრო დიპლომატიური იყო, მაგრამ შინაარსით არ განსხვავდებოდა. ლაპარაკია იმაზე, რომ ჩვენ საფრთხე გველის. საფრთხე სულ არის და ამ საფრთხის ერთადერთი წყარო რუსეთია. საფრთხის თავიდან აცილება საქართველოს დამოუკიდებლად რომ არ შეუძლია, ეს 200 წლიანი ისტორიის ცნობილი ფაქტია. უსაფრთხოების გარანტიები უნდა ვეძებოთ და ეს გარანტიები არსებობს მხოლოდ იქ, სადაც ევროპული ოჯახია.
იმის თქმა, რომ ამ ხელისუფლების პირობებში მშვიდობის შენარჩუნება შევძელით, სწორი და ლოგიკური არ არის. რუსეთს ორი ნაღმი ჰქონდა და ორივე 2008-ში ააფეთქა. ახალი ნაღმის მომზადება ასეთი ადვილი არაა. და კიდევ ერთი, თუ კაპიტულაციას გამოაცხადებ, მშვიდობა იქნება, აბა რა იქნება?! როცა კაპიტულაციას არ აცხადებ და ცდილობ დამოუკიდებელი იყო, მაშინ არის საფრთხე იმისა, რომ ძალით დაგიპყრობენ“, - განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ.
მისივე თქმით, რუსეთს შეუძლია მხოლოდ ერთი რამ დაუპირისპირდეს და ეს საქართველოში რეალური დემოკრატიული სახელმწიფოს შექმნაა. როგორც პოლიტოლოგმა აღნიშნა, თუ ქვეყნის სახელმწიფო ინსტიტუტები რუსულ სახელმწიფო ინსტიტუტებს ერთი-ერთში ჰგავს, განვითარებასა და დემოკრატიაზე ვერ ვისაუბრებთ.
„გახსოვთ სულ პირველი განცხადება რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ? ღარიბაშვილმა ძალიან კატეგორიულად თქვა, რომ საქართველო სანქციებს არ უერთდებოდა. თუ სიფრთხილეს იჩენდა, ამ კითხვაზე პასუხის გაცემა მარტივად შეეძლო იმით, რომ ეთქვა, კონსულტაციებს გავივლით და გადაწყვეტილებას შემდეგ მივიღებთო. ერთმანეთში აირია. თუ ნატოში შესვლა გინდა, იქ შესვლა ომს იწვევს და თან სიფრთხილეს ინარჩუნებ, მაშინ ნატოზე უარი უნდა თქვა. ტონები შემოვიდა, ჩვენ თუ რუსეთთან რბილად ვიქნებით, ტერიტორიებს დავიბრუნებთო. რუსეთს შეუძლია მხოლოდ ერთი რამე დაუპირისპირდეს - საქართველოში რეალური დემოკრატიული სახელმწიფოს შექმნა. თუ შენი სახელმწიფო ინსტიტუტები რუსულ სახელმწიფო ინსტიტუტებს ერთი-ერთში ჰგავს, რომელ განვითარებასა და დემოკრატიაზეა საუბარი?“, - აღნიშნა ვახტანგ ძაბირაძემ.