ბრაზილიის უზენაესმა სასამართლომ კორუფციასა და ფულის გათეთრებაში მსჯავრდებულ ყოფილ პრეზიდენტს, ფერნანდო კოლორ დე მელოს 8 წლითა და 10 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
სასამართლომ გასულ კვირას 73 წლის ექსპრეზიდენტი მისი სენატორობის პერიოდში სახელმწიფო ნავთობკომპანია “პეტრობრასის“ შვილობილი კომპანიისგან 20 მილიონი რეალის ქრთამის აღების გამო დამნაშავედ ცნო.
პროკურატურაში აცხადებენ, რომ კოლორმა ქრთამი სამშენებლო კომპანიისთვის ხელშეკრულებების უკანონოდ გაფორმების სანაცვლოდ აიღო.კოლორი ბრაზილიის პირველი დემოკრატიულად არჩეული პრეზიდენტი 1989 წელს გახდა და ქვეყანას 1992 წლამდე ხელმძღვანელობდა. ის კორუფციაში არაერთხელ დაადანაშაულეს და თანამდებობიდან იმპიჩმენტის თავიდან ასაცილებლად გადადგა.