საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებთან კოორდინაციით, საქართველოს საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის, საბაჟო წესების დარღვევით გადმოტანის ფაქტი გამოავლინა, რაზეც ერთი პირი დააკავა.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, დანაშაული 5-დან 7-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„საბაჟო კონტროლისაგან მალულად, ტანსაცმლის ქვეშ, სხეულზე მიმაგრებული სახით, საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადმოიტანა 400 გრამის ოდენობის ოქროს საიუველირო ნაკეთობები, რომელთა საბაჟო ღირებულებამ 43 676 ლარი შეადგინა. აღნიშნული დანაშაული ისჯება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მე-2 ნაწილით, თავისუფლების აღკვეთით 5-დან 7-წლამდე ვადით.
კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი პროცედურების გავლის შემდეგ, ამოღებული ოქროს ნაკეთობები, დაექვემდებარება სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამორთმევას”, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.