რუსეთმა უნდა გაიგოს, რომ საქართველო არის ევროპა და ევროპაც მიზანმიმართულია იმისკენ, რომ საქართველო ევროპა იყოს, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი განმარტებით, ე.წ. რუსული კანონის გაწვევამ გვაჩვენა, რომ ქართველი ხალხის დემოკრატიულ ნებას წინ ვერაფერი აღუდგება.
„უკანასკნელმა 2-მა წელმა რაც გვაჩვენა, არის ის, რომ ქართველები არ დანებდებიან. არ დანებდებიან უკრაინის სოლიდარობის საკითხთან დაკავშირებით. არ დათმობენ ევროპულ მომავალს, თავიანთ უფლებებს. სწორედ ამიტომ მაქვს ასეთი მყარი მოსაზრება და ვარ ასეთი ოპტიმისტი, რომ ეს არის მხოლოდ დროის საკითხი, სანამ უკეთესი ცვლილებები დაიწყება. რუსული კანონის გაწვევამ გვაჩვენა, რომ, ჩვენ წინ ვერ აღვუდგებით ამ ქვეყნის დემოკრატიულ ნებას. ასევე, კანდიდატის სტატუსის მინიჭება მოგვცემდა დაცვას და უსაფრთხოებას საქართველოსთვის, დაიცავდა საქართველოს რუსეთისგან. რუსეთი, რომელიც დღემდე აგრძელებს ოკუპაციას და „ჰიბრიდულ ომს“ აწარმოებს ქართველი ხალხის წინააღმდეგ. რუსეთი, რომელიც უსმენს ყველა სიგნალს. სწორედ ამიტომ, ვერავინ გაგზავნის არასწორ სიგნალს. საქართველო არ იქნება ე.წ. ნაცრისფერი ზონა. 2008-2014-2022 წლებში ამ ყველაფერმა ჩვენ გვაჩვენა, რომ ყოყმანი ძვირად გვიჯდება. მაშინ, როცა რუსეთი უკრაინაში მარცხდება, ჩვენ ვერ მივცემთ ჩვენს თავს უფლებას, ცდუნება შევთავაზოთ სუსტი ადგილების პოვნის კუთხით. რუსეთმა უნდა გაიგოს, რომ საქართველო არის ევროპა და ევროპაც მიზანმიმართულია იმისკენ, რომ საქართველო ევროპა იყოს“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.