მუსიკალური ინდუსტრიის უდავო ავტორიტეტმა - ჟურნალმა Rolling Stones-მა დიდი ხანია გაითქვა სახელი თავისი რეიტინგებით, რომელთაც ყოველთვის მაქსიმალური სერიოზულობითა და პროფესიონალიზმით ადგენს. პერიოდულად აქვეყნებს ჟურნალი მე-20 საუკუნის 100 საუკეთესო კომპოზიციის ნუსხასაც, რომელსაც პერმანენტულად აახლებს, თუმცა პირველ ხუთეულს პრაქტიკულად უცვლელად ინარჩუნებს, რადგან როგორც ჩანს, მუსიკალური„ოქროს ფონდი“ ვერც ათწლეულებმა გააუფერულა, ვერც თანამედროვე ჰიტებმა დაჩრდილა.
ნობელის ლაურეატმა, მე-20 საუკუნის მეორე ნახევრის უმსხვილესმა ავტორ-შემსრულებელმა, ამერიკის საპროტესტო მოძრაობის „ხმად“ წოდებულმა ბობ დილანმა 1960-იან წლებში მოიპოვა აღიარება, რაც არცაა გასაკვირი, რადგან მისმა შემოქმედებამ პირველ რიგში ის ეპოქა განასახიერა, რომელიც მუდმივად ახლის და ნოვატორულის ძიებით ხასიათდებოდა.
კომპოზიცია Like a Rolling Stone, რომელიც არა მხოლოდ მუსიკოსის შემოქმედებაში იქცა გარდამტეხად, არამედ მე-20 საუკუნის მუსიკალური ინდუსტრიის განვითარებაც განსაზღვრა, დილანმა ბრიტანული ტურნედან დაბრუნებულმა შექმნა საკუთარ ლექსზე და რამდენიმე კვირაში ჩაწერა მეექვსე სტუდიური ალბომის Highway 61 Revisited-ის სესიაზე.
მომქანცველი შემოქმედებითი ძიების შემდეგ, დილანისთვის ყველაზე მისაღები როკის ჟღერადობა აღმოჩნდა, ახალგაზრდა მუსიკოსმა ელ კუპერმა კი, იმპროვიზირებული რიფი მოიფიქრა ორღანზე, რაც სიმღერის განმასხვავებელ თავისებურებად და მოგვიანებით სავიზიტო ბარათად იქცა.
კომპოზიციით მოხიბლულმა კრიტიკოსებმა პირელ რიგში სხვადასხვა მუსიკალური სტილის ელემენტების ჰარმონიულ შერწყმას, უხეშ, ეპიზოდურად ცინიკურ ტექსტს გაუსვეს ხაზი და Like a Rolling Stone-ს რევოლუციური უწოდეს. აღსანიშნავია, რომ სწორედ სიმღერამ, რომელიც 1960-იანი წლების ამერიკული მუსიკის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ნამუშევრად ითვლება, აქცია ფოლკ-შემსრულებელი დილანი როკ-ვარსკვლავად.
მე-20 საუკუნის მეორე ნახევრის ერთ-ერთმა ყველაზე პროვოკაციულმა ჯგუფმა 1960-იან წლებში შეცვალა მსოფლიო მუსიკის ლანდშაფტი, როცა საკუთარ შემოქმედებაში გააერთიანა ეპოქის თავისუფლებისმოყვარე ახალგაზრდობის ყველა მუსიკალური გატაცება. უკვე სახელოვანი Beatles-ის ტერიტორიაზე შეჭრის მიუხედავად, Rolling Stones-მა მაინც სწრაფად „მოიპოვა“ საკუთარი ხმა და დაიპყრო ჩარტები უნიკალური შესრულების მანერით.
კომპოზიცია, რომელმაც პროვოკაციული სახელის წყალობით შეიძინა ორგვაროვანი მნიშვნელობა და უფროსი თაობის წყრომა დაიმსახურა, კიტ რიჩარდისა და მიკ ჯაგერის ავტორობით შეიქმნა 1965 წლის მაისში, ამერიკის ქალაქ კლირუოტერში ჩაშლილი კონცერტის შემდეგ, როცა პოლიციასა და ფანებს შორის დაპირისპირებამ ჯგუფს გამოსვლის დროზე ადრე შეწყვეტა აიძულა.
უკმაყოფილო რიჩარდსი სასტუმროს ნომერში მუზიცირებდა გიტარაზე, მერე კი, ჩაეძინა და პოლ მაკარტნის მსგავსად, სწორედ სიზმარში ეწვია მუზა, გამოფხიზლებულმა კი, მაგნიტოფონზე ჩაწერა ორწუთიანი გიტარის რიფი ფრაზით „არ შემიძლია დაკმაყოფილება“ და ისევ მიიძინა. მოგვიანებით ჩანაწერი ჯაგერმა მოისმინა, რომელმაც სიმღერის ტექსტი შეავსო.
ჰიტი, რომლის წყალობით ჯგუფი პირველად დაწინაურდა Billboard Hot 100-ის ჩარტში, უამრავმა მუსიკოსმა, მათ შორის არეტა ფრანკლინმა, ოტის რედინგმა და სამანტა ფოქსმა ჩაწერეს საკუთარი ინტერპრეტაციით.
კომპოზიციას, რომელიც ლენონის იდეალური სამყაროს განსახიერებად, მოგვიანებით კი, პაციფისტთა ჰიმნად იქცა, თავად მუსიკოსმა „კომუნისტური მანიფესტი“ უწოდა, თუმცა თვითონ არც კომუნისტი იყო, არც სხვა პოლიტიკურ პარტიას მიეკუთნებოდა. აღსანიშნავია, რომ 1980 წლის 26 ნოემბერს - ლენონის მკვლელობამდე 12 დღით ადრე, თავიდან გამოცემულმა სიმღერამ ბრიტანული ჩარტის ლიდერობა მოიპოვა, იმავე დღეს იხილა მაყურებელმა სიმღერის კლიპიც, რომელიც მუსიკოსის უკანასკნელი გადაღება აღმოჩნდა.
1981 წელს ამერიკულმა გამოცემამ Performing Songwrite-მა ლენონის ნამუშევარი „ყველა დროის საუკეთესო სიმღერად“ დაასახელა, რაც არცაა გასაკვირი, რადგან როგორც ამერიკის ყოფილმა პრეზიდენტმა ჯიმი კარტერმა აღნიშნა, ბევრ ქვეყანაში კომპოზიციას ისევე ხშირად უსმენენ, როგორც ეროვნულ ჰიმნს.
მარვინ გეიმ, რომელიც სტივი უანდერთან ერთად ითვლება თანამედროვე rhythm and blues-ის ფუძემდებლად, ერთ-ერთმა პირველმა შეძლო მსუბუქი, მანამდე მხოლოდ გასართობ ჟანრად მიჩნეული R&B-ის სოციალურ იარაღად ქცევა და აქტუალური პოლიტიკური პრობლემების გაჟღერება.
სწორედ სოციალურ უთანასწორობას და სამოქალაქო მღელვარებას, პოლიციის სისასტიკეს, რასიზმსა და აფროამერიკელთა დისკრიმინაციას მიეძღვნა კომპოზიცია What’s going on, რომელიც ერთგვარ მანიფესტადაც შეიძლება ჩაითვალოს, რადგან ამერიკელებს დაფიქრებისა და პრობლემების მიზეზების მოძიებისკენ მოუწოდა.
მართალია, კომპოზიცია R&B-ის სტილში ოტის რედინგმა დაწერა და 1965 წელს გამოუშვა სინგლად, მაგრამ სუპერჰიტად მხოლოდ ორი წლის შემდეგ იქცა არეტა ფრანკლინის შესრულებით, რომელმაც სრულიად განსხვავებული მნიშვნელობა შესძინა სიმღერას და პრაქტიკულად საკუთარ სავიზიტო ბარათად აქცია.
ტექსტის რამდენიმე ფრაზის და მთავარი აქცენტების შეცვლით „სოულის დედოფალმა“ ძლიერი ქალის ერთგვარი მონოლოგი შექმნა სიმღერისგან, რომელიც დაფასებას და პატივისცემას მოითხოვს მამკაცისგან. ფრანკლინის ვერსიამ „გრემის“ ორი პრემია მოიპოვა და სამი კვირით ჩაუდგა სათავეში Billboard Hot 100-ის ჩარტს. აღსანიშნავია, რომ Respect, რომელიც მუსიკოსის პირველ საერთაშორისო ჰიტად იქცა, მოგვიანებით სქესთა თანასწორობისთვის ბრძოლის ჰიმნი გახდა და უამრავ ფილმში გაჟღერდა.