ინდონეზიურ კუნძულ ბალის ხელისუფლება იმ უცხოელ ტურისტებს გააძევებს, რომლებიც სასტუმროებში, რესტორნებში, ტურისტულ ცენტრებში, მაღაზიებსა და სხვა ადგილებში მომსახურების საფასურს კრიპტოვალუტით გადაიხდიან. მართალია, ქვეყანაში კრიპტოვალუტა აკრძალული არ არის, მაგრამ 2021 წლიდან გადახდის საშუალებად მათი გამოყენება არ შეიძლება.
ბალის გუბერნატორმა განაცხადა, რომ „უცხოელი ტურისტები, რომლებიც არასათანადოდ იქცევიან, კერძოდ, სავიზო შეზღუდვებს, ასევე, სხვა რეგულაციებს არღვევენ და კრიპტოვალუტას გადახდის საშუალებად იყენებენ, მკაცრად დაისჯებიან. გუბერნატორი ტურისტებს შეახსენებს, რომ ინდონეზიაში ადგილობრივი რუპიის გარდა, სხვა ვალუტით გადახდა აკრძალულია, ხოლო კანონის დარღვევა თავისუფლების აღკვეთით 1-დან 5 წლამდე ვადით, ასევე, 50 მლნ რუპიიდან 22 მლრდ რუპიამდე (1,4 მლნ დოლარამდე) ჯარიმით ისჯება.
ამასთან, ტურისტებს დეპორტაცია, ხოლო სხვა დამრღვევ პირებს ადმინისტრაციული და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა, კომერციული შენობების დახურვა, გადახდის ოპერაციების აკრძალვა და სხვა მკაცრი სანქციები ემუქრებათ.
ზოგადად, ინდონეზიაში კრიპტოვალუტით ვაჭრობა დაშვებულია. მეტიც: იანვარში ქვეყნის მთავრობამ დაანონსა, რომ 2023 წლის ბოლოსთვის კრიპტოვალუტის ეროვნულ ბირჟას ჩაუშვებს.