Gap-ი კანიე უესტს სასამართლოში უჩივის. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
სარჩელის მიხედვით, Gap x Yeezy თანამშრომლობის ფარგლებში, რეპერმა, წინასწარ შეთანხმების გარეშე, Gap-ის ლოს-ანჯელესში მდებარე სავაჭრო სივრცე გადააკეთა. საუბარია ისეთ ძირეულ ცვლილებებზე, როგორებიცაა: კედლის აგება, ჭერის განათების მოხსნა, გვირაბის გაყვანა, სამი სველი წერტილის დამატება და ა.შ. აღსანიშნავია, რომ უძრავი ქონების მფლობელია Art City Center, რომლისგანაც Gap-ს სივრცე ხელშეკრულების საფუძველზე, დროებით ჰქონდა გადაცემული. Gap-ს წარმომადგენლის მტკიცებით, უესტის მიერ განხორციელებული დამოუკიდებელი და წინასწარ შეუთანხმებელი ცვლილებების შემდეგ, უძრავი ქონების მფლობელი Art City Center, ზარალის ანაზღაურებას Gap-სგან ითხოვს.
კანიესა და გეფს შორის თანამშრომლობის დაწყების შესახებ ინფორმაცია პირველად 2020 წელს გავრცელდა. ამერიკულ ბრენდსა და მუსიკოსს შორის 10 წლიანი კონტრაქტი გაფორმდა, მათი ერთობლივად შექმნილი პირველი კოლექციის გამოშვება კი 2021 წელს დაანონსდა. რამდენიმე გახმაურებული პროდუქტისა და ინიციატივის შემდეგ, მხოლოდ 2 წელში, მხარეთა შორის არსებული უთანხმოების საფუძველზე, თანამშრომლობა დასრულდა. Gap ახალი სარჩელით უესტისგან 2 მილიონი დოლარის ზიანის ანაზღაურებას ითხოვს. უესტს სარჩელთან დაკავშირებით კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.