ბოლო პერიოდში ნოსტალგიით „მანიპულირება“ ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ მეთოდად იქცა კრეატიულ ინდუსტრიაში. მარტივად რომ ავხსნათ, რეკლამის შემქმნელები ერთ ფორმულას მიჰყვებიან: წარსულის დეტალებზე აქცენტირებითა და ახლებური ხედვით იზიდავენ როგორც ახალ მომხმარებლებს, ისე ემოციურად ინარჩუნებენ ძველებსაც.
სწორედ ამ ვერბალურ ფორმულაზე დაყრდნობით შეიმუშავა McDonald’s-მა თავისი უახლესი კამპანია, რომელშიც 1998 წლის ნარატივის გაგრძელება ვიხილეთ. სახელწოდებით Signature, რეკლამაში ნაჩვენები იყო ლეგენდარული ფეხბურთელი ალან შირერი, პატარა გულშემატკივრებით გარშემორტყმული. ერთ-ერთმა მათგანმა კი ალანის ავტოგრაფი მაკდონალდსში მიიღო — დიდი მონდომებისა და ბევრი წარუმატებელი მცდელობის შემდეგ.
25 წლის შემდეგ კი ვიდეორგოლის მთავარ გმირად, ალანთან ერთად, ზემოხსენებული ბიჭის შვილი გვხვდება. ისტორიასთან ერთად რეკლამის სიუჟეტიც მეორდება, თუმცა გარკვეული განსხვავებებით — თანამედროვე დეტალებითა და ნიუანსებით. მთავარი კი ის არის, რომ ნოსტალგიის ჯაჭვური ბმა შენარჩუნდა.„ბევრი რამ შეიცვალა პირველი რეკლამის გადაღების შემდეგ — ახლა უკვე გაცილებით ნაკლები ადამიანი მთხოვს ავტოგრაფის მიცემას და უმეტესობა სელფის გადაღებას ამჯობინებს. მაკდონალდსშიც უამრავი სიახლე დაინერგა… მთლიანობაში კი საინტერესო იყო ამ სასარგებლო კამპანიაში მონაწილეობის მიღება და ყველაფრის ახლებურ ჭრილში დანახვა“, — ამბობს ინგლისელი ფეხბურთელი.