სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი 2023 წლიდან საქართველოს სამ ინგლისურენოვან საბაკალავრო პროგრამაზე 90 სტუდენტს მიიღებს. პროგრამების განხორციელების პროექტის ღირებულება 5 მილიონი დოლარია და საქართველოს მთავრობისა და სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ სრულად ფინანსდება.
აღნიშნული პროგრამები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან პარტნიორობით განხორციელდება. თანამშრომლობის მემორანდუმი სამინისტროსა და სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის კურსდამთავრებულთა გამოსაშვები ღონისძიების ფარგლებში გაფორმდა.
დოკუმენტს ხელი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა და სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პრეზიდენტმა ადელა დე ლა ტორემ მოაწერეს.