“უკრაინისგან დაღლილობა” დასავლეთში არ არსებობს. ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ოსლოში ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
სტოლტენბერგის თქმით, უკრაინის მხარდაჭერა დასავლეთში მხოლოდ იზრდება.
“ყველა ყურადღებით აკვირდება ჩვენს დემოკრატიებში, ნატო-ს წევრ ქვეყნებსა და პარტნიორებში, დაღლილობის ნიშნებს [უკრაინისთვის] დახმარების გაწევის მხრივ. ჯერჯერობით ამას არ ვხედავთ”, - განაცხადა სტოლტენბერგმა.
ნატო-ს გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ ალიანსის მოკავშირეებში ევროპასა და აშშ-ში ჯერ კიდევ არსებობს “ძლიერი მრავალპარტიული მხარდაჭერა” და უკრაინისთვის დახმარების გაწევაზე განსხვავებული შეხედულებების მიუხედავად კიევის “დახმარების პოლიტიკური ნება” ნარჩუნდება.