ლიცენზიის პირობების ცვლილების შემდეგ საინტერესოა A კატეგორიის რამდენი ტაქსია დედაქალაქში. მოგეხსენებათ, რომ A კატეგორიის ტაქსებზე ლიცენზია უკვე 2 თვეა განსხვავებული პრინციპით გაიცემა. 1-ლი აპრილიდან ამ ტიპის ლიცენზიას მხოლოდ ის იღებს, ვინც 2023 წლის 20 მარტამდე, ნებისმიერ პერიოდში ერთხელ მაინც ფლობდა A კატეგორიის ნებართვას. შედეგად, A კატეგორიის ტაქსის მართვის ნებართვა, რომელიც აქამდე ერთწლიანი იყო, უვადო გახდა. ასევე, შეიქმნა A კატეგორიის ტაქსის მართვის ნებართვის ბაზარი, სადაც ნებართვით ვაჭრობა შესაძლებელია. ტაქსის ლიცენზია ერთგვარი ფასიანი აქტივია, დედაქალაქში A კატეგორიის ლიცენზიის ყიდვა-გაყიდვა და გაქირავება უკვე შესაძლებელია. აღნიშნული სერვისისთვის ინტერნეტ პლატფორმაც გამოჩნდა, სადაც ლიცენზიის გასაყიდი ფასი 15 000 ლარსაც კი აღწევს. „ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, A კატეგორიის ტაქსის რამდენი ლიცენზიაა გაცემული ამ ეტაპისთვის.
თბილისის მერიის სატრანსპორტო სამსახურიდან მოწოდებული ინფორმაციით თანახმად, 1-ლი აპრილის მდგომარეობით სულ გაიცა 35 558 ნებართვა აქედან გააქტიურებული ნებართვების რაოდენობა 21 მაისის მონაცემებით შეადგენს 2 530 და ეს მონაცემი ყოველდღიურად იცვლება. უნდა აღნიშნოს, რომ 2023 წლის 1-ლი აპრილიდან A კატეგორიის მქონე ტაქსებს შესაძლებლობა აქვთ მგზავრები აიყვანოს და ჩამოსვას ე.წ. „ბასლეინში“. უკვე 1-ლი ივნისიდან კი A კატეგორიის ტაქსების იმ ნაწილს, რომელთა ასაკიც 10 წელზე ნაკლებია, მერიის ინიციატივით, უფლება მიეცემათ ავტობუსის ზოლშიც გადაადგილდნენ. მერია ასეთ ავტომობილებს სპეციალურ სტიკერებს ანიჭებს.