გზათსარგებლობის საფასურით მიღებული შემოსავალი 130%-ით გაიზარდა, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოს, როგორც სატრანსპორტო დერეფნის დატვირთვა მნიშვნელოვნად არის გაზრდილი. 2023 წლის იანვარ-აპრილში საქართველოს მიერ სატრანსპორტო დერეფანში სატვირთო ავტომობილების გატარებიდან მიღებულმა შემოსავალმა 53 396 016 ლარი შევიდა, 2022 წლის ანალოგიურ პერიოდში კი ეს მაჩვენებელი 23 207 382 ლარი იყო. გამოდის, რომ წლიურად გზათსარგებლობის საფასურით მიღებული შემოსავალი 2.3-ჯერ ანუ 130%-ით არის გაზრდილი.
ამ მაჩვენებლებიდან გამომდინარე, მიმდინარე წლის იანვარ-აპრილში საქართველოს დერეფანი 152 560 სატვირთომ გადაკვეთა, მაშინ როცა 2022 წლის 1-ელ 4 თვეში დერეფანში 116 036 სატვირთომ გაიარა. შედეგად, წლიურად 31,5%-ით მეტმა სატრანზიტო ტრაილერმა გაიარა საქართველოს დერეფანში. რაც შეეხება წლიურ მაჩვენებელს, 2022 წელს საქართველომ სატრანსპორტო დერეფანში სატვირთო ავტომობილების გატარებიდან რეკორდული შემოსავალი მიიღო. კერძოდ, ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობების მიხედვით, გასულ წელს ხაზინაში ტრაილერების გატარებიდან 128 მლნ ლარზე მეტი შევიდა, 2021 წელს - 66 მლნ ლარზე მეტი, 2020 წელს კი დაახლოებით 63 მლნ ლარი.
ცნობისათვის, საქართველოს საზღვარზე სატრანზიტო ტრაილერებისთვის გზათსარგებლობის მოსაკრებელი 350 ლარს შეადგენს. აღნიშნული ტარიფი 2022 წლის 20 ივნისიდან მოქმედებს. მანამდე მძღოლებს 200 ლარის გადახდა უწევდათ. შესაბამისად, ბიუჯეტში შემოსავლების მატება გამოიწვია როგორც საქართველოს სატრანსპორტო დერეფანში გადაადგილებული სატვირთოების რაოდენობის ზრდამ, ასევე გაძვირებულმა გზათსარგებლობის საფასურმა.