ცნობილი რეჟისორი, ჯეიმს კამერონი აცხადებს, რომ თანამედროვე ხელოვნური ინტელექტის შთაგონებით, ახალ ტერმინატორს გადაიღებს. ამის შესახებ მან ღონისძიება Dell Technologies World 2023-ზე ისაუბრა.
როგორც ჩანს, ამჯერად, ის აპირებს 1984 წელს შექმნილი ფრენჩაიზის ქვეშ რეალური სამყაროს ხელოვნურ ინტელექტზე დაყრდნობით გადაიღოს ფილმი. აქცენტი კეთდება AI სამყაროს გარდამტეხ ქმნილებაზე, OpenAI-ის ენობრივ მოდელზე დაფუძნებულ ჩატბოტზე — ChatGPT. უნდა აღინიშნოს, რომ კამერონის თქმით, სცენარს არ დაასრულებს, სანამ ამჟამინდელი ხელოვნური ინტელექტის განვითარების მიმართულება უფრო ცხადი არ გახდება.
ეს შეიძლება ერთგვარი მცდელობა იყოს რეჟისორისთვის, რომლის 2019 წლის Terminator: Dark Fate-საც მძიმე ბედი ერგო. ამასთან, სფეროს სპეციალისტები ხშირად ადანაშაულებენ ტერმინატორს, ადამიანთა შორის ხელოვნური ინტელექტის შიშის დანერგვის მიზეზით.
ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით მრავალი წლის განმავლობაში მომუშავე მკვლევრებს არაერთხელ გამოუხატავთ უკმაყოფილება ტერმინატორის სცენარის მიმართ. ის, თუ როგორაა წარმოჩენილი AI მსგავს ფილმებში, მნიშვნელოვნად აცდენილია ამჟამინდელ რეალობას და სფეროში გაურკვეველ ადამიანებში ახალი ტექნოლოგიისადმი უპირობო შიშს აჩენს.
გასული საუკუნის ფილმის სცენარისგან განსხვავებით, 2023 წელს სულ სხვა მოცემულობის წინაშე ვართ. რეალობა მნიშვნელოვნად განსხვავებულია. წელს ექსპერიმენტულ ალგორითმს, ხელოვნურ ინტელექტს, სახელად ChaosGPT-ს კაცობრიობის განადგურების დავალება მისცეს. ის, რაც ალგორითმმა გააკეთა სასაცილო უფროა, ვიდრე შემაშფოთებელი. მან მოკავშირეების ძებნა ინტერნეტის გავლით დაიწყო და მისი გეგმები სააშკარაოზე გამოიტანა. შესაბამისად, ის ამ დავალების შესრულებასთან ახლოსაც კი არ არის.
კრიტიკის შემდეგ, ამჯერად, როგორც ჩანს კამერონს სცენარში რეალური კონცეპტების გამოყენება სურს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მეცნიერული თვალსაზრისით გამართული სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის ფილმის შექმნა. თუმცა, რთული წარმოსადგენია, როგორ შეიძლება ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც დღეს ინტერნეტის დახმარებით კითხვებს ვუსვამთ და პასუხებს გვცემს, ტერმინატორის სტილის მძაფრსიუჟეტიანი ბლოკბასტერის პროტაგონისტად იქცეს. ყოველ შემთხვევაში, რეჟისორი ამჯერად ხელოვნურ ინტელექტში უფრო ღრმად ჩახედვას და იქ ხელმოსაჭიდი შთაგონების პოვნას აპირებს.
თუმცა, ტერმინატორის ლეგენდა — არნოლდ შვარცნიგერი აღარ აპირებს ტერმინატორში მონაწილეობას. მან Hollywood Reporter-თან თვის დასაწყისში განაცხადა, რომ ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებულ ტერმინატორში აღარ ითამაშებს. "მე მივიღე ხმამაღალი და ცხადი გზავნილი იმის შესახებ, რომ სამყაროს უნდა სხვა თემებზე გადასვლა, როცა საქმე ეხება ტერმინატორს", — თქვა მან