ნატო-ს 25-მდე სამშვიდობო ჯარისკაცი, რომლებიც ჩრდილოეთ კოსოვოში მერიის შენობებს იცავდა, სერბ მომიტინგეებთან შეტაკებისას დაშავდა. გავრცელებული ინფორმაციით, დაშავებულები უნგრელი და იტალიელი ჯარისკაცები არიან.
ნატო-ს დაქვემდებარებაში მყოფმა საერთაშორისო სამშვიდობო მისიამ მომხდარი ძალადობა დაგმო და სამშვიდობოებზე თავდასხმას "სრულად მიუღებელი" უწოდა.
ჩრდილოეთ კოსოვოში მცხოვრებ სერბებსა და ნატოს ძალებს შორის შეტაკება გუშინ მოხდა. მედიის ცნობით, ნატო-ს დაქვემდებარებაში მყოფმა საერთაშორისო სამშვიდობო მისიამ სერბი დემონსტრანტები ცრემლსადენი გაზის გამოყენებით დაშალა. აქციის მონაწილეები ახალარჩეულ ალბანელ მერებს მუნიციპალურ შენობებში შესვლის საშუალება არ აძლევდნენ. სამართალდამცველი ორგანოების ცნობით, დემონსტრანტებმა მერიის წინ, პოლიციის კორდონის გარღვევა სცადეს, ძალოვნებმა კი მათ დასაშლელად ცრემლსადენი გაზი და ხმოვანი ყუმბარები გამოიყენეს.