უკრაინის თავდაცვის ძალებმა, კიევის თავზე, 40-ზე მეტი საჰაერო სამიზნე გაანადგურეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია კიევის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, სერგეი პოპკოზე დაყრდნობით ავრცელებს.
„წინასწარი ინფორმაციით, მტერმა Shahed-ები გამოიყენა. უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმასთან ერთად, მტრის TU-95MS-მა კასპიის რეგიონიდან ფრთოსანი რაკეტები გაუშვა, სავარაუდოდ, Kh-101/555 ტიპის. ჩვენმა საჰაერო თავდაცვის ძალებმა და საშუალებებმა 40-ზე მეტი საჰაერო სამიზნე აღმოაჩინეს და გაანადგურეს. კიევზე თავდასხმა დაუშვებელია!"- აღნიშნა პოპკომ.
ამასთან, კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად არავინ დაღუპულა ან დაშავებულა.
შეგახსენებთ, მანამდე ცნობილი გახდა, რომ უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაში გამოცხადდა და ზოგიერთ ოლქში და დედაქალაქ კიევში აფეთქებების ხმები ისმოდა.