22 წლის ნორვეგიელი ფორვარდი ერლინგ ჰაალანდი ინგლისის პრემიერლიგის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს, მან ასევე მიიღო პრემიერლიგის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელის პრიზი. ჰაალანდმა მისთვის სადებიუტო სეზონში, რომელიც ჯერ არ დასრულებულა, 35 მატჩში 36 გოლი (!) გაიტანა, მისმა გუნდმა მანჩესტერ სიტიმ კი ტიტული შეინარჩუნა.
"ბედნიერი ვარ, რომ პირველი ფეხბურთელი გახვხდი, ვინც ორივე პრიზი ერთად მოიგო. მადლობა ყველას, ვინც ხმა მე მომცა. საოცარი პირველი სეზონი მქონდა. განსაკუთრებით ამაღელვებელი იყო, როცა "ეტიჰადზე" ჩემპიონობა გავინაღდეთ. ეს ინდივიდუალური ტიტულები არაფერს ნიშნავს ჩემი თანაგუნდელების გარეშე. ახლა წინ ორი ფინალია, სეზონი ძლიერად უნდა დავასრულოთ", - განაცხადა ჰაალანდმა.ერლინგ ჰაალანდი ორიოდე დღის წინათ, ფეხბურთზე მწერალმა ჟურნალისტებმაც წლის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.
შეგახსენებთ, რომ ჰაალანდის მანჩესტერ სიტი ასოციაციის თასის ფინალშია გასული, სადაც მეტოქე მანჩესტერ იუნაიტედია. ჩემპიონთა ლიგის ფინალში კი სიტი მილანის ინტერს ეთამაშება.