თურქეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს. თურქეთის მოქალაქეებს არჩევანის გაკეთება პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანსა და მთავარ ოპოზიციურ კანდიდატს, ქემალ ქილიჩდაროღლუს შორის მოუწევთ. ხმის მისაცემად 64. 1 მილიონზე მეტი ადამიანია რეგისტრირებული.
თურქული მედიის ცნობით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური ქვეყნის ისტორიაში პირველად იმართება. შეგახსენებთ, თურქეთში, საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური 14 მაისს გაიმართა, რა დროსაც რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ხმების 49,52 პროცენტი მიიღო, მისმა მთავარმა კონკურენტმა ქემალ ქილიჩდაროღლუმ კი ხმების 44,88 პროცენტი.
ნაციონალისტმა კანდიდატმა, სინან ოგანმა პირველ ტურში მესამე ადგილი დაიკავა და ხმების 5.17 პროცენტი მიიღო. მან რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ არჩევნების მეორე ტურში მხარს მოქმედ პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს დაუჭერს.