საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, დღეს ხელისუფლების ძალისხმევით, გადასახლების ადგილიდან სახელმწიფო მოღვაწის, დამფუძნებელი კრების თავმჯდომარის პირველი მოადგილის, ალექსანდრე ლომთათიძის ნეშტი ჩამოასვენეს.
როგორც შალვა პაპუაშვილმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, საქართველოს დამოუკიდებლობის, სახელმწიფოებრიობისა და პარლამენტარიზმის განმტკიცებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, დამფუძნებელი კრების ხელმძღვანელებს საქართველოს პარლამენტის სახელით, სიკვდილის შემდეგ, თავისუფლების საპარლამენტო ორდენით აჯილდოებენ.
„საქართველოს ყველა მოქალაქეს და ჩვენი სამშობლოს ყველა მეგობარს, ვულოცავ ჩვენი ქვეყნის ისტორიის უმნიშვნელოვანეს თარიღს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. ეს დღე ჩვენი დამოუკიდებლობის, სიმტკიცისა და ქართველი ხალხის ძლიერი, შეუპოვარი სულის სიმბოლოა. დღეს განსაკუთრებული სიხარულითა და სიამაყით აღვნიშნავთ იმ გზას, რომელმაც საქართველო დღევანდელ თავისუფალ და დამოუკიდებელ სახელმწიფომდე მოიყვანა. მადლიერები ვართ ჩვენი წინაპრების, რომლებმაც თავისი სიმამაცითა და შეუპოვრობით შექმნეს სახელმწიფოებრიობა და შეგვინარჩუნეს ეროვნული თვითმყოფადობა.
სიმბოლურია, რომ დღეს, ერთი საუკუნის შემდეგ, ერთ-ერთი ასეთი მოღვაწე სამშობლოს დაუბრუნდა და მშობლიურ მიწას პატივით მიებარება. ხელისუფლების ძალისხმევით, დღეს გადასახლების ადგილიდან ჩამოასვენეს სახელმწიფო მოღვაწის, დამფუძნებელი კრების თავმჯდომარის პირველი მოადგილის, ალექსანდრე ლომთათიძის ნეშტი. ამ მოვლენასთან დაკავშირებით საქართველოს დამოუკიდებლობის, სახელმწიფოებრიობისა და პარლამენტარიზმის განმტკიცებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, საქართველოს პარლამენტის სახელით, სიკვდილის შემდეგ, თავისუფლების საპარლამენტო ორდენით ვაჯილდოებთ დამფუძნებელი კრების ხელმძღვანელებს: კრების თავმჯდომარე კარლო ჩხეიძეს, თავმჯდომარის პირველ მოადგილე ალექსანდრე ლომთათიძეს, თავმჯდომარის მოადგილეებს, ექვთიმე თაყაიშვილსა და სვიმონ მდივანს. ქართველი ხალხის სახელით პატივს მივაგებთ მათი, როგორც პრეზიდენტის მიერ ეროვნული გმირის სახელით დაჯილდოებული სამხედრო ცენტრის მეთაურების და პირველი რესპუბლიკის ყველა გმირის ღვაწლს საქართველოს წინაშე.
მიუხედავად ამ ადამიანების ღვაწლისა, 1918 წლის 26 მაისს მოპოვებულმა დამოუკიდებლობამ მხოლოდ სამ წელს გასტანა. მიუხედავად ამისა, საბჭოთა ანექსიამ ვერ ჩაახშო ჩვენი ხალხის მისწრაფება დამოუკიდებლობისაკენ. საბჭოთა ოკუპაციის პირობებში, 26 მაისის იდეას ეფუძნებოდა ქართველი ხალხის რწმენა, საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა გაეგრძელებინა. ამ ძალისხმევამ შედეგი გამოიღო და თაობათა ოცნება რეალობად იქცა“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.