უმთავრეს ეროვნულ დღეს ვულოცავ ყველას, ვისთვისაც დღევანდელი დღე და სამშობლოს თავისუფლება ეროვნულ სიამაყესთან, პირად ღირსებასთან და ბედნიერებასთან ასოცირდება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსავლისას განაცხადა.
მისი თქმით, 1918 წლიდან, პირველი დამოუკიდებლობის შემდეგ ხანმოკლე დროში ქართველმა ხალხმა და მისმა მთავრობამ დასავლურ ფასეულობებზე დაფუძნებული ევროპული სახელმწიფოს საფუძვლები შექმნა, 1991 წელს საბოლოოდ აღდგენილი ეროვნული დამოუკიდებლობა კი ამავე ღირებულებებს დაეფუძნა.
„დღეს ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები საქართველოში თუ მის ფარგლებს გარეთ, ჩვენს ნამდვილ მეგობრებთან, პარტნიორებთან ერთად ჩვენი ისტორიის სრულიად განსაკუთრებულ, თითოეული ჩვენგანისთვის ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენას ვზეიმობთ - საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. 105 წელი შესრულდა მას შემდეგ, რაც საქართველოს პირველი რესპუბლიკის ხელისუფლებამ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა. უმთავრეს ეროვნულ დღეს ვულოცავ ყველას, ვისთვისაც დღევანდელი დღე და სამშობლოს თავისუფლება ეროვნულ სიამაყესთან, პირად ღირსებასთან და ბედნიერებასთან ასოცირდება. განსაკუთრებული სითბოთი ვულოცავ დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ჩვენს დებსა და ძმებს, აფხაზ და ოს თანამოქალაქეებს. განსაკუთრებით გილოცავთ ჩვენო საამაყო წვევამდელებო, ვინც ამ განსაკუთრებულ დღეს დადეთ სამშობლოს ერთგულების ფიცი. ასევე მადლიერების გრძნობით ვულოცავ ჩვენს უცხოელ მეგობრებს, სტრატეგიულ პარტნიორებს, ვინც დღეს ჩვენთან ერთად ზეიმობს დამოუკიდებლობის დღეს. მათი თანადგომა ჩვენთვის ფასდაუდებელია. ძვირფასო მეგობრებო, სიამაყით ვიხსენებთ ყველას, ვინც თაობიდან თაობას გადასცემდა თავისუფლების სიყვარულს, კიდევ ერთხელ ქედს ვიხრით მათი ნათელი ხსოვნის წინაშე, ვინც საკუთარი სიცოცხლე სამშობლოსთვის გაიღო მსხვერპლად. 1918 წლის 26 მაისს ქართველებმა მტკიცედ და ხმამაღლა მთელი მსოფლიოს გასაგონად ვთქვით, რომ გვსურს, კვლავ დავდგეთ ერად სხვა ერთა შორის. პირველი დამოუკიდებლობა, მართალია ხანმოკლე, მაგრამ ჩვენი შემდგომი განვითარებისთვის ფუძემდებლური მნიშვნელობის აღმოჩნდა. ამ მცირე დროში ქართველმა ხალხმა და მისმა მთავრობამ დასავლურ ფასეულობებზე დაფუძნებული დემოკრატიული, ევროპული სახელმწიფოს საფუძვლები შექმნა, რომლის სულისკვეთებაც და კონსტიტუციაც ევროპის დღევანდელი კრიტერიუმებითაც უაღრესად პროგრესული იყო. 1991 წელს საბოლოოდ აღდგენილი ეროვნული დამოუკიდებლობა ამავე კონსტიტუციას, მის ღირებულებებს დაეფუძნა. ჩვენი ქვეყნის მთავარ გეზად ევროპული სახელმწიფოს შენება განისაზღვრა, ამით ჩვენს დროში განვაახლეთ სვლა ყველა თაობის უზენაესი მიზნისკენ, თითოეული მოქალაქის, მთლიანად ქართველი ხალხის საქართველოს თავისუფლებისთვის“,- განაცხადა პრემიერმა.