ესპანეთის ლიგა ენდესაში რეგულარული სეზონი დასრულდა და ყველა საპლეიოფო წყვილი გაირკვა. ჩემპიონობისთვის ბრძოლას აგრძელებს გიორგი შერმადინის ლენოვო ტენერიფე, ხოლო რატი ანდრონიკაშვილისა და თად მაკფადენის მურსია მე-9 ადგილზე გავია და სეზონი ნაადრევად დაასრულა.
შერმადინის კლუბმა 24 მოგება და 10 მარცხი მოაგროვა და ასეთივე მაჩვენებლის მქონე მალაგას უნიკახას დაუპირისპირდება.
საინტერესოა, რომ მიმდინარე სეზონში ლენოვო ტენერიფე და უნიკახა ერთმანეთს უკვე 4-ჯერ გადაეყარნენ. ესპანეთის ჩემპიონატის გარდა, გუნდებს დაპირისპირება ქვეყნის თასზე და ჩემპიონთა ლიგაში მოუწიათ.
გუნდები ერთმანეთს 28 მაისს ტენერიფეში და 1 ივნისს – მალაგაში დაუპირისპირდებიან. თუკი ამ თამაშებმა გამარჯვებული ვერ გამოავლინა, გადამწყვეტ მატჩს ლენოვო ტენერიფე 4 ივნისს უმასპინძლებს.
34 წლის გიორგი შერმადინმა რეგულარულ სეზონში 31 მატჩი ჩაატარა, მისი საშუალო მაჩვენებლები კი ასე გამოიყურება: 22:07 წუთი, 14.4 ქულა, 5.4 მოხსნა, 1.2 პასი.
ქართველი ცენტრის საშუალო სარგებლიანობის კოეფიციენტი 18.7-ს გაუტოლდა, რაც ლიგა ენდესაში საუკეთესო მაჩვენებელია.