ლა ლიგის 36-ე ტურში გიორგი მამარდაშვილის „ვალენსია“ „მალიორკას“ ესტუმრა და 0:1 დამარცხდა. „ღამურები“ ლა ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად იბრძვიან და გასულ ტურში „რეალთან“ უმნიშვნელოვანესი“ მატჩიც მოიგეს (1:0). ამჯერად კი „მალიორკას“ ესტუმრნენ, რომელსაც თავის მხრივ ლა ლიგის დასრულებამდე 3 ტურით ადრე 1 ქულა სჭირდებოდა, რომ უმაღლეს დივიზიონში ადგილი ოფიციალურად შეენარჩუნებინა.
შეხვედრის პირველი ტაიმი თანაბარი იყო და საგოლე მომენტები არ შექმნილა. „ვალენსიას“ კარს სახიფათოდ მხოლოდ ერთხელ დაემუქრნენ, თუმცა მასპინძლებმა ხელსაყრელი სიტუაციიდან სათანადოდ დარტყმა ვერ შეძლეს და ბურთი „მამარდას“ მარტივი ნადავლი გახდა.
მეორე ტაიმში მასპინძელთა უპირატესობა აშკარა გახდა. „მალიორკამ“ 64-ე წუთზე მარცხენა ფლანგიდან შეუტია, ჩაწოდებას კი „ვალენსიელი“ მცველები ჩვეულ სტილში უყურადღებოდ დახვდნენ და ვედატ მურიქიმ მეორე სართულზე ტრადიციულად დამაჯერებლად ითამაშა - მამარდაშვილს შანსი არ ჰქონია - 1:0.
დარჩენილ დროში რუბენ ბარახას გუნდმა ბევრი ვერაფერი შეძლო და საბოლოოდ მნიშვნელოვანი 3 ქულა დაკარგა.
შეგახსენებთ, რომ „ვალენსია“ ლა ლიგის დასკვნით 2 ტურში 28 მაისს უშუალო კონკურენტ „ესპანიოლს“ უმასპინძლებს, ბოლოს კი 4 ივნისს სევილიაში „ბეტისს“ ესტუმრება.