„ფორინ პოლისი“-ს ინფორმაციით, პირველი 20 უკრაინელი მფრინავი F-16-ის ტიპის ავიაგამანადგურებლებზე წვრთნას დიდ ბრიტანეთში დაიწყებს. გავრცელებული ცნობით, ეს იქნება უკრაინელი მფრინავების ძირითადი სახმელეთო სწავლება, რის შემდეგაც ისინი უფრო სპეციალიზებული წვრთნებისთვის იქნებიან მზად. უკრაინა იმედოვნებს, რომ შესწავლის პროცესის დასაჩქარებლად ინგლისური ენის მცოდნე იუნკერებს გაგზავნის. სწავლება ნატო-ს „საბრძოლო თვითმფრინავების საფუძვლების შესავლის“ კურსიდან ადაპტირებულ სამუშაოს, ასევე სიმულაციურსა და რეალურ წვრთნებს მოიცავს. ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრმა, კაისა ოლონგრენმა ქვეყნის პარლამენტში გაგზავნილ წერილში აღნიშნა, რომ სამხედროები მზად არიან, უკრაინელი მფრინავების წვრთნა რაც შეიძლება მალე დაიწყონ. ნორვეგიამ ასევე გამოაცხადა, რომ მზად არის იმ კოალიციას შეუერთდეს, რომელშიც ასევე ბელგია, დანია და აშშ არიან.