ოკუპანტი ქვეყნის თავდასხმები უკრაინაზე გრძელდება. რუსეთმა ღამით სარაკეტო იერიში კიევის, ლიმანის, ბახმუტის, ავდეევკისა და მარინკის მიმართულებით მიიტანა. უკრაინის შეიარაღებული ძალების ინფორმაციით, რუსეთმა ღამის განმავლობაში უკრაინის მიმართულებით ირანული წარმოების 36 „შაჰედის“ ტიპის უპილოტო საფრენი აპარატიც გაუშვა, რომელთაგან უკრაინამ ყველას განადგურება შეძლო.
ბახმუტი და მარინკა კვლავ საბრძოლო მოქმედებების ეპიცენტრად რჩება.
უკრაინის თავდაცვის შეიარაღებული ძალების გენშტაბის ცნობით, გასულ 24 საათში რუსულმა ძალებმა 30 საჰაერო, ზალპური სისტემებიდან კი 39 დარტყმა განახორციელეს. ამავე ცნობით, დიდია მტრის დანაკარგებიც და უკრაინა ოკუპანტების იარაღისა თუ ცოცხალი ძალის კონცენტრაციის უბნებზე შეტევებს წარმატებით აგრძელებს.