ცნობილმა ტელესახემ და ბიზნესვუმენმა კიმ კარდაშიანმა მარტოხელა დედობაზე ღიად პირველად ისაუბრა. კარდაშიანი თავის ყოფილ ქმართან, კანიე ვესტთან, დაშორების შემდეგ ოთხ შვილს ზრდის. ერთ-ერთ ცნობილ პოდკასტერთან სტუმრობისას კი, ტელევარსკვლავმა განაცხადა, რომ "ამისთვის ვერაფერი შეგამზადებს".
"მშობლობამ საკუთარი თავის შესახებ ყველაზე მეტი რამ მასწავლა", — ამბობს კარდაშიანი, — "თუმცა, ამავდროულად, ეს ყველაზე რთული საქმეა. ზოგჯერ, ღამით, ჩაძინებამდე ვტირი ხოლმე. ვფიქრობ, ჯანდაბა, ჩემს სახლში ნამდვილი ტორნადო ტრიალებს-მეთქი".კიმი ამატებს, რომ ერთდროულად "კარგი პოლიციელისა და ცუდი პოლიციელის" თამაში უწევს, რადგან შინ ბავშვებთან მარტოა.
"[მშობლობისთვის] ვერაფერი შეგამზადებს", — აგრძელებს კიმი, — "მნიშვნელობა არ აქვს, რამდენ ხანს დაიცდი. ამისთვის მზად არასდროს იქნები. თუმცა, თანდათან ყველაფერში გაერკვევი და მერე საკუთარი თავითა და მშვიდობიანად ჩამთავრებული დღით იამაყებ".კარდაშიანსა და ვესტს ერთად ოთხი შვილი ჰყავთ: 9 წლის ნორთი, 7 წლის სეინტი, 5 წლის ჩიკაგო და 4 წლის სალმი. გასულ წელს განქორწინების შემდეგ, ვესტი შვილებს ყოველთვიურ ალიმენტად $200 ათასს უხდის.
რაც შეეხება სხვა სიახლეებს კიმის ცხოვრებაში — ალბათ გახსოვთ, რომ ტელევარსკვლავი სულ რამდენიმე კვირის წინ American Horror Story-ის ახალ სეზონში მთავარ როლზე დამტკიცდა. მაისში გამართულ მეთ გალაზე კი კარდაშიანმა განაცხადა, რომ სერიალში მონაწილეობისთვის მოსამზადებლად სამსახიობო გაკვეთილებსაც გადის.
ამასთან, სულ მალე გამოდის კიმის ოჯახის რეალითი შოუს, კარდაშიანების, მე-3 სეზონი. ამ პროექტის წინამორბედს, ასევე რეალითი შოუს Keeping up with the Kardashians, 20 სეზონის განმავლობაში მილიონობით მაყურებელი ადევნებდა თვალს. გადაცემა 14-წლიანი ისტორიის შემდეგ 2021 წელს დასრულდა, თუმცა, 2022 წელს ოჯახი ახალი შოუთი დაბრუნდა Hulu-ზე.