ქუთაისის ტორპედომ დინამო თბილისს სამტრედიაში, "ეროსი მანჯგალაძის" სახელობის სტადიონზე უმასპინძლა. ძალიან საინტერესო შეხვედრა დინამომ ანგარიშით 3:2 მოიგო. აღსანიშნავია, რომ მატჩის მიმდინარეობისას ქუთაისელები 2-ბურთიანი სხვაობით მარცხდებოდნენ, თუმცა მათ ანგარიშის გათანაბრება შეძლეს. მატჩის მიწურულს კი ქულის შენარჩუნება ვეღარ მოახერხეს.
შეხვედრაში პირველი გოლი მე-4 წუთზე გავიდა: იმრანმა ეროვნული ლიგის მიმდინარე სეზონში მე-8 გოლი გაიტანა. პირველ ტაიმში ანგარიში არ შეცვლილა, დინამო შესვენებაზე ერთბურთიანი უპირატესობით გავიდა. იმრანმა მეორე ნახევრის მეოთხე წუთზეც გაიტანა, დუბლი შეასრულა და თბილისური გუნდი ორი ბურთით დააწინაურა. ამის შემდეგ შეხვედრა უფრო საინტერესო გახდა - ტორპედოს ფეხბურთელებმა 4-წუთიან მონაკვეთში ანგარიშის გათანაბრება მოახერხეს. 62-ე წუთზე გიორგი კუხიანიძემ სხვაობა შეამცირა. ზუსტად 4 წუთში, 66-ე წუთზე ირაკლი ბუღრიძემ წონასწორობა აღადგინა და ანგარიში 2:2 გახადა. შეხვედრის დარჩენილ დროში უფრო მეტი სახიფათო მომენტი ტორპედოს ჰქონდა, თუმცა დამატებით დროში დინამო გააქტიურდა და 99-ე წუთზე პენალტის დარტყმის უფლება მიიღო. 11-მეტრიანი ზუსტად უსმანე კამარამ შეასრულა და საკუთარ გუნდს ძალიან რთულ შეხვედრაში გამარჯვება მოუტანა.
ტორპედომ ახალი მთავარი მწვრთნელი, შოტლანდიელი სტივ კინის ხელმძღვანელობით მეორე მატჩი წააგო, 20 ქულა დარჩა და ეროვნული ლიგის სატურნირო ცხრილში ისევ მე-6 ადგილზეა. მომავალ ტურში ქუთაისელები ქობულეთის შუქურას დაუპირისპირდებიან.
დინამომ შუქურასთან ნათამაშები ფრეს შემდეგ უმნიშვნელოვანესი შეხვედრა მოიგო. საქართველოს მოქმედ ჩემპიონს 31 ქულა აქვს და ეროვნული ლიგის სატურნირო ცხრილში მესამე ადგილს იკავებს. მომავალ ტურის ცენტრალურ მატჩში დინამო თბილისი დინამო ბათუმს შეხვდება. ეს შეხვედრა 28 მაისს გაიმართება, დინამო გარკვეული პაუზის შემდეგ ეროვნულ სტადიონს უბრუნდება.