კანდიდატის სტატუსის მიღების წინ ღიად გამოვაცხადეთ რუსეთთან ურთიერთობის დათბობა , - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.
დეკანოიძის შეფასებით, პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა კატარში მიმდინარე ეკონომიკურ ფორუმზე ღიად განაცხადა, რომ საქართველო მხარს არ უჭერს უკრაინას.
„როდესაც თვითმფრინავი ჯდება თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, ამას სჭირდება პოლიტიკური შეთანხმება და თანხმობა ხელისუფლების მხრიდან. ამის შემდეგ ვნახეთ, რომ შემოდის რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ოჯახი, ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე. იცით, რომ ლავროვის ოჯახი არსად არ დადის ფსბ-ს დაცვის გარეშე, ეს არის ცნობილი და დადასტურებული ფაქტი. მე დარწმუნებული ვარ, რომ შემოსულები იყვნენ დაცვის წევრების თანმხლებით. შემდეგ არის საზღვაო ტვირთების არეალის გაფართოება. მე მაქვს ლოგიკური კითხვა: რა საიდუმლო შეთანხმების გარშემო არის მოლაპარაკებები რუსეთსა და საქართველოს შორის? - შემდეგი შეიძლება იყოს, რკინიგზის აღდგენა, დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენა...
ამ დროს ვხედავთ, რომ ხელისუფლებას არცერთი განცხადება არ წამოცდენა იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთი ოკუპანტი ქვეყანაა. უფრო მეტიც, ხელისუფლება მიესალმა ფრენების აღდგენას. უფრო მეტიც, ღარიბაშვილმა დღეს პირდაპირ განაცხადა, რომ საქართველო მხარს არ უჭერს უკრაინას. კანდიდატის სტატუსის მიღების წინ ღიად გამოვაცხადეთ რუსეთთან ურთიერთობის დათბობა“,- განაცხადა დეკანოიძემ.
ამასთან, დეკანოიძემ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადება, რომ დასავლელი ოპონენტები ცდილობენ შეზღუდონ სხვა ქვეყნების თანამშრომლობა რუსეთთან დარწმუნებით, დაპირებებით და შანტაჟით, შეაფასა.
დეკანოიძის თქმით, 2024 წლის არჩევნებისთვის „ქართული ოცნების“ პროპაგანდა იქნება - „ჩვენ არ გვინდა ევროკავშირი, არ გვინდა ნატო, მაგრამ შეიძლება მოლაპარაკებები დავიწყოთ ოკუპანტ რუსეთთან, რომ მიტაცებული ტერიტორიები დაგვიბრუნოს“.
დეკანოიძე არ გამორიცხავს იმასაც, რომ ხელისუფლებამ ამ თემასთან დაკავშირებით, რეფერენდუმი ჩაატაროს.
„ქართული ოცნების“ პროპაგანდა დგას ყალბი სამშობლოს სიყვარულზე და კონსერვატიზმზე. ამ გზავნილის ტესტირებას აკეთებენ. დაიწყება ყალბი პროპაგანდა, რომ ჩვენ არ გვინდა ევროკავშირი, არ გვინდა ნატო, მაგრამ შეიძლება მოლაპარაკებები დავიწყოთ ოკუპანტ რუსეთთან, რომ მიტაცებული ტერიტორიები დაგვიბრუნოს. ვისაც უახლოესი ისტორიისთვის თვალი მაინც გადაუვლია, ნებისმიერ შემთხვევაში რუსეთის მთავარი ამოცანაა, არადამოუკიდებელი, დაპყრობილი, გაჩანაგებული, ღარიბი საქართველო. რუსეთი საქართველოს სუვერენიტეტს არ ცნობს.
შეიძლება, საერთოდ რეფერენდუმზეც გამოიტანონ. შეიძლება ევროკავშირი დააყენონ საპირწონედ. რუსეთთან დალაგება, დათბობა, რამე სახის შეთანხმება, რაღაცის დაბრუნება - ეს უბრალოდ არ შეუძლებელია. რუსეთი არის ტერორისტული სახელმწიფო, რომელიც კლავს და იტაცებს ბავშვებს“,- განაცხადა დეკანოიძემ.