„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ინფორმაციით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 3 არამოსამართლე წევრს ტრისტან ბენაშვილს, გიორგი გზობავასა და ზურაბ გურასპაშვილს კავშირები აქვთ აშშ-ის მიერ სანქცირებულ მოსამართლეებთან მიხეილ ჩინჩალაძესთან, ლევან მურუსიძესთან და ირაკლი შენგელიასთან.
როგორც ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, მათი საბჭოში არჩევა კიდევ უფრო მეტად გაამყარებს კლანის პოზიციებს და ხელს არ შეუწყობს სასამართლო სისტემის გაჯანსაღებას, რაც აზიანებს ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესს.
„ამ პროცესმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ მმართველი პარტია განაგრძობს სასამართლო კლანის მხარდაჭერას და ხელს უწყობს მათი ძალაუფლების შენარჩუნებას. სამწუხაროა, რომ საბჭოს ახალ წევრებს ოპოზიციის ზოგიერთი დეპუტატის მხარდაჭერაც ჰქონდათ.
ზურაბ გურასპაშვილის და მისი მეუღლის სოციალური ქსელის Facebook-ის მონიტორინგიდან გამოიკვეთა, რომ მათ კავშირი აქვთ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სანქცირებულ მოსამართლე ირაკლი შენგელიასთან და მის მეუღლესთან ლანა თევზაძესთან. საგულისხმოა, რომ ლანა თევზაძე თავის მხრივ გავლენიან მოსამართლეთა ჯგუფის ერთ-ერთი წევრის, ლევან თევზაძის დაა.
ამასთან, საბჭოს წევრობამდე გიორგი გზობავა იყო ადვოკატი; საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი. გიორგი გზობავას კანდიდატურა პარლამენტს აიიპ „ახალგაზრდა ადვოკატებმა“ წარუდგინა. იმ პირობებში როდესაც, პარლამენტში წარდგენილი და ჩვენ მიერ მოპოვებული დოკუმენტაციის თანახმად, „ახალგაზრდა ადვოკატებს“ საბჭოს წევრობის კანდიდატის დასახელების უფლება არ ჰქონდა, პარლამენტის მიერ საბჭოს წევრად გიორგი გზობავას არჩევა კანონის ცალსახა დარღვევაა.
რაც შეეხება ტრისტან ბენაშვილს, ის 1999-2004 წლებში აშშ-ის მიერ სანქცირებულ მოსამართლეებთან, მიხეილ ჩინჩალაძესთან და ლევან მურუსიძესთან ერთად მუშაობდა თბილისის საოლქო სასამართლოში. გასაუბრებისას ბენაშვილი კრიტიკული არ ყოფილა სასამართლო სისტემაში დღეს არსებული მდგომარეობის მიმართ“, - ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.