კომერციული ბანკების მიერ დასაკუთრებული ქონების მოცულობა გაიზარდა. კერძოდ, მარტის მონაცემებით, 321 მლნ ლარს გადააჭარბა. - ამის შესახებ ეროვნული ბანკის "საფინანსო სექტორის მიმოხილვაშია" ნათქვამი. მიმოხილვის თანახმად, წლიურად ბანკების მიერ დასაკუთრებული ქონების ღირებულება 19.2 მლნ ლარით გაიზარდა.
ამასთან, სებ-ის 2023 წლის მარტის მონაცემებით, ჩამოწერილი სესხების მოცულობამ 53.7 მლნ ლარი შეადგინა, მაშინ როცა გასული წლის ამავე პერიოდში ჩამოწერილი სესხების ოდენობა 85-ნახევარი მლნ ლარი იყო.
აღსანიშნია, რომ კომერციულ ბანკებს გირავნობის უზრუნველყოფის სახით მთლიანად 99 მილიარდ 204 მლნ ლარის აქტივები აქვთ მიღებული, აქტივების მესამედი საცხოვრებელზე მოდის.
ცნობისათვის, 2023 წლის პირველ კვარტალში ბაზარზე სულ 15 კომერციული ბანკი ოპერირებდა. აქედან ერთი, „პეისერა“ პირველი ციფრული ბანკია, რომელიც საქართველოში რამდენიმე თვეა რაც ამოქმედდა.