ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ ვალენსიასა და რეალის დაპირისპირებისას მომხდარ ინციდენტზე იმსჯელა და უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო - ვინისიუს ჟუნიორი, რომელიც მსაჯმა გააძევა, არ დაისჯება.
ბრაზილიელ ფეხბურთელს მიღებული წითელი ბარათი გაუუქმდა და ის არც ფინანსურად დაისჯება. ამავე დროს, კომიტეტის გადაწყვეტილებით 5 თამაშით "მესტალიას" სტადიონზე მარიო კემპესის სახელობის ტრიბუნა დაიხურა. სწორედ ამ ტრიბუნიდან ვინისიუსს "ღამურების" 3-მა გულშემატკივარმა რასისტული შეურაცხყოფა მიაყენა. კომიტეტმა ინციდენტში მონაწილე უგო დუროც არ დასაჯა.
შეგახსენებთ, რომ დიეგო ლოპესის გოლით და გიორგი მამარდაშვილის უმაღლეს დონეზე თამაშის შედეგად, ვალენსიამ რეალი ანგარიშით 1:0 დაამარცხა. მატჩის მიწურულს ვინისიუს ჟუნიორს ვალენსიას ფეხბურთელებთან კონფლიქტი მოუვიდა.
ამ ფაქტმა მსოფლიო ფეხბურთში დიდი გამოხმაურება გამოიწვია, ვინისიუსი ბევრმა ფეხბურთელმა დაიცვა, თავად ბრაზილიელმა კი ესპანეთს რასისტული ქვეყანა უწოდა და ლა ლიგა ძალიან მკაცრად გააკრიტიკა.