NBA-ის აღმოსავლეთ კონფერენციის ფინალის სერია ბოსტონში გადაინაცვლებს. ბევრი ელოდა, რომ ჯიმი ბატლერი და მისი გუნდი სელტიკსს ზედიზედ მე-4 თამაშსაც მოუგებდა და სუპერფინალის საგზურს მოიპოვებდა, მაგრამ ჯეისონ ტეიტუმმა ამის საშუალება არ მისცა და სხვაობა შეამცირა. ბოსტონმა მაიამის ჰიტს ანგარიშით 116:99 მოუგო და სერიის შემოტრიალების მცირე შანსი დაიტოვა.
მარცხის მიუხედავად, ფლორიდელებმა შეხვედრა კარგად დაიწყეს. პირველი მეოთხედი მეტოქეს 6 ქულით მოუგეს და დიდ შესვენებაზეც იგივე უპირატესობით გავიდნენ. მესამე პერიოდში ტეიტუმი შეუჩერებელი იყო. სელტიკსმა ეს მეოთხედი 15 ქულით მოიგო, რაც გადამწყვეტი აღმოჩნდა.
ჯეისონ ტეიტუმს 34 ქულითა და 11 მოხსნით ორმაგი დუბლი ჰქონდა, დერიკ უაითმა და ჯეილენ ბრაუნმა კი 16-16 ქულა დააგროვეს. მაიამის მხრიდან 29 ქულით ყველაზე შედეგიანი ჯიმი ბატლერი იყო, ცუდი მატჩი ჰქონდა ბემ ადებაიოს - მის ანგარიშზეა მხოლო 10 ქულა და 5 მოხსნა.
შეგახსენებთ, რომ NBA-ის ისტორიაში სერიაში 3-მატჩიანი სხვაობით წაგების შემდეგ დაპირისპრიება არავის შემოუტრიალებია. მიუხედავად ამისა, სელტიკსმა ამის მცირე შანსი დაიტოვა.
ამ გუნდებს შორის შემდეგი შეხვედრა 26 მაისს გაიმართება. დენვერ ნაგეტსი კი სუპერფინალში მეტოქეს ელოდება.