ესპანეთის ლიგა ენდესას რეგულარული სეზონის ბოლო ტურში გიორგი შერმადინის ტენერიფემ სარაგოსა იოლად, ანგარიშით 92:69 დაამარცხა. კანარიელებმა პირველი პერიოდი 8 ქულით წააგეს, მაგრამ შემდეგ დიდი უპირატესობა მოიპოვეს და აღსანიშნავი სხვაობითაც გაიმარჯვეს.
შერმადინმა 23 წუთში 15 ქულა, 3 მოხსნა და 2 პასი დააგროვა. ქართველმა ცენტრმა 7-დან 5 ორქულიანი და 6-დან 5 საჯარიმო ჩააგდო, მისი სარგებლიანობის კოეფიციენტი კი 19-ს გაუტოლდა. ასეთი მაჩვენებელი კი მის თანაგუნდელთა შორის მხოლოდ მარსელო უერტასს ჰქონდა.
ლენოვო ტენერიფემ რეგულარული სეზონი 24 მოგებით და 10 წაგებით მე-4 ადგილზე დაასრულა, შედეგად პლეი ოფში, მეოთხედფინალურ სტადიაზე მალაგას უნიკახას შეხვდება.