კომერციული ბანკების მოგებიდან გადავიდეთ მათ მომხმარებლებზე. როგორც აღმოჩნდა 228 121 მსესხებელი საქართველოში კრედიტს ვერ იხდის, ხოლო ერთ თვეში ე.წ. „შავ სიაში“ 1 762 მსესხებელი მოხვდა. კრედიტინფოს მონაცემებით, საქართველოში მსესხებლების 11,8%-ს ვადაგადაცილება უფიქსირდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი ფინანსურ ვალდებულებებს ვერ უმკლავდებიან.
მიმდინარე წლის აპრილის სტატისტიკით, 30 დღიდან 3 წლამდე ვადაგადაცილება, 228 121 მსესხებელს უფიქსირდება, კონტრაქტების რაოდენობა კი 474 683-ს შეადგენს. საერთო ჯამში, აპრილის მდგომარეობით საქართველოში საფინანსო სექტორის ვალი 1 931 828 ადამიანს აქვს, ჯამში თითქმის 40 მილიარდი ლარის მოცულობის.
აღსანიშნავია, რომ მსესხებლების 83.5% საბანკო სექტორზე მოდის, კერძოდ, აპრილის მდგომარეობით, ბანკებიდან თითქმის 36 მილიარდი ლარის მოცულობის კრედიტი სულ 1 613 691 მსესხებელს აქვს აღებული. ვადაგადაცილება კი ბანკის მსესხებლების მხოლოდ 8.5%-ს უფიქსირდება.