საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ვაზიანის სასროლეთზე ამოცანაზე ორიენტირებული საველე წვრთნები საბრძოლო სროლებით დასრულდა.
უწყების ინფორმაციით, მე-5 საარტილერიო ბრიგადის 51-ე საარტილერიო ბატალიონის გეგმური საველე წვრთნები სამი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა და სამ ეტაპს მოიცავდა.
„პირველი ეტაპი საველე მოქმედებებსა და სადაზვერვო ჯგუფის, ცეცხლის მართვის ცენტრებისა და ქვემეხების შერწყმას მოიცავდა, მეორე ეტაპზე დამკვირვებელ-მაკონტროლებლებმა წვრთნებში მონაწილე ქვედანაყოფები შეაფასეს, ხოლო დასკვნითი ნაწილი საბრძოლო სროლებს დაეთმო.
მე-5 საარტილერიო ბრიგადის 51-ე საარტილერიო ბატალიონმა წინასწარ განსაზღვრულ რაიონში საარტილერიო საცეცხლე მხარდაჭერა განახორციელა და პირობითი მოწინააღმდეგე გაანადგურა.
სწავლების მიზანს ოპერატიულ გარემოში დამოუკიდებლად მოქმედება, საბრძოლო ელემენტების ურთიერთშერწყმა და კოორდინირებული მოქმედებების დახვეწა წარმოადგენდა. წვრთნების დასკვნით ეტაპს თავდაცვის ძალების ხელმძღვანელი პირები დააკვირდნენ,“ - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.