აგროსასურსათო პროდუქციით ვაჭრობის ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ და უნგრეთის სოფლის მეურნეობის მინისტრმა ისტვან ნაგიმ ხელი თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს.
სამინისტროში გამართულ ოფიციალურ შეხვედრაზე, მხარეებმა საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობები, თაფლისა და ღვინის ექსპორტის მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო მერძევეობისა და მესაქონლეობის განვითარების მიმართულებით ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობის საკითხებსაც.
ვიზიტის ფარგლებში, უნგრეთის დელეგაცია სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ჯიღაურას მრავალწლოვანი კულტურების საცდელ-სადემონსტრაციო ბაზას ესტუმრა. ცენტრის დირექტორმა ლევან უჯმაჯურიძემ მინისტრს ბაზაზე გაშენებული ვაზის კოლექცია დაათვალიერებინა. სტუმრები საქართველოს მევენახეობა-მეღვინეობის ისტორიას, ამ მიმართულებით ქვეყნის პოტენციალს და ქართული იშვიათი ვაზის ჯიშებისგან დაყენებულ ღვინოებს გაეცნენ.