ფრანგული მედიის ცნობით ფრანგული „ბორდო“ მზადაა „დინამო“ ბათუმიდან საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი ზურიკო დავითაშვილი გამოისყიდოს. მისი ტრანსფერი ფრანგულ გუნდს სულ 1.5 მილიონი ევრო დაუჯდება.
ზურიკო დავითაშვილი „ბორდოში“, რომელის საფრანგეთის ლიგა 2-ში გამოდის გასულ ზაფხულს შეუერთდა და თავისი კარგი თამაშით გულშემატკივრისა და გუნდის ხელმძღვანელობის მოწონება დაიმსახურა. მთელი წლის განმავლობაში აქტიურად მიდიოდა მსჯელობა სეზონის ბოლოს დავითაშვილი დარჩებოდა თუ არა გუნდში, მაგრამ როგორც ჩანს, „ბორდოს“ უკვე გადაწყვეტილი აქვს, რომ მიუხედავად იმისა, რა შედეგით დაასრულებენ სეზონს ზურიკო შემდეგ წელსაც დარჩეს გუნდში.
ბოლო პერიოდში ქართველმა ფეხბურთელმა არაერთ შეხვედრაში გაიტანა მნიშვნელოვანი გოლი და გუნდს მოგებაში დაეხმარა, მისი პროგრესი უყურადღებოდ არც „ბორდოს“ მთავარ მწვრთნელს დარჩენია: „ვფიქრობ, ზურიკოსთან მიმართებაში სიტუაციას კარგად ვმართავდით. თვენახევარი, ორი თვეა, რაც ის რეგულარულად კარგად თამაშობს, ვხედავთ, რომ ბევრი რამის მოტანა შეუძლია გუნდისთვის თავისი ტექნიკით, სიჩქარით და დარტყმით. ასევე, ისიც მომწონს, რომ საჯარიმოში უფრო ნათელი გონებით თამაშობს, რაც საშუალებას აძლევს განავითაროს ფინიშერის თვისებები. მინდა, ასევე პასუხისმგებლობაც დავაკისრო, მიუხედავად იმისა, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელია, მაგრამ მას ეროვნულ ნაკრებში უკვე 30-მდე მატჩი აქვს ჩატარებული და ეს გამოცდილება უნდა გაუზიაროს თანაგუნდელებს. მნიშვნელოვან მატჩებში ის უფრო მშვიდია. ზოგადად, არსებობენ ფეხბურთელები, რომლებსაც თავის გამოჩენა მაღალი მნიშვნელობის მატჩებში შეუძლიათ“ - განაცხადა „ბორდოს“ მთავარმა მწვრთნელმა დავიდ გიონსმა.
შეგახსენებთ, რომ ზურიკო დავითაშვილმა მიმდინარე სეზონში საფრანგეთის ლიგა 2-სა და საფრანგეთის თასზე ჯამში 30 თამაში ჩაატარა, სადაც 6 გოლი და 3 საგოლე გადაცემა შეასრულა. „ბორდო“ ლიგა 2-ში მეორე ადგილზეა და უახლოეს მდევარ „მეცს“, სადაც გიორგი მიქაუტაძე გამოდის 3 ქულით უსწრებს. ლიგა 2-ის დასრუბამდე მხოლოდ 2 ტურია დარჩენილი.