მილიარდერ ჯეფ ბეზოსის კომპანია Blue Origin-მა NASA-სთან 3.4 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების კონტრაქტი გააფორმა, რომლის ფარგლებშიც მთვარეზე დასაშვებ ხომალდს დაამზადებს. ამისთვის ის პარტნიორებთან Lockheed Martin, Draper, Boeing, Astrobotic და Honeybee Robotics ითანამშრომლებს.
აპარატს მისია Artemis V-ისთვის გამოიყენებენ, რომლითაც დედამიწის თანამგზავრზე ასტრონავტებს 2029 წელს გაუშვებენ. ეს იქნება აშშ-ის კოსმოსური სააგენტოს მთვარის პროგრამა Artemis-ის რიგით მესამე ეკიპაჟიანი ფრენა, რომელიც ამ ციურ სხეულზე ადამიანთა დაშვებას ითვალისწინებს.
აღსანიშნავია, რომ NASA-ს კონტრაქტი მხოლოდ Blue Origin-თან არ გაუფორმებია, არამედ მანამდე, 2021 წელს, მან ბიუჯეტი ილონ მასკის მიერ დაფუძნებული SpaceX-ისთვისაც გამოყო, რომელიც ბეზოსის კომპანიის კონკურენტია. ამან ის გაანაწყენა და საჩივარიც კი შეიტანა, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ 2 კომპანიის არჩევა უკეთეს შედეგს მოიტანდა.
ბეზოსის სურვილი მხოლოდ ახლაღა ახდა, რადგან NASA-მ მთვარის პროგრამაში ჩართული კომპანიების რაოდენობის 2-მდე გაზრდა გადაწყვიტა და არჩევანი სწორედ Blue Origin-ზე შეაჩერა. მანამდე ის თავშეკავების მიზეზად საკმარისი ბიუჯეტის არქონას ასახელებდა, თუმცა მოგვიანებით ხელისუფლებამ სააგენტოსთვის მეტი თანხა გამოყო.
უნდა ითქვას, რომ SpaceX NASA-ს ასტრონავტების ტრანსპორტირებას რაკეტა-ხომალდის სისტემით Starship სთავაზობს, რომლის პირველი სატესტო ფრენაც აპრილში შედგა. რაც შეეხება Blue Origin-ს მას სულ სხვაგვარი კონცეფცია აქვს, კერძოდ, დასაშვები მოდული Blue Moon, რომელსაც ჩვენი პლანეტის თანამგზავრზე სხვა რაკეტით გაუშვებენ.