პატრულმა გადასვა ბავშვი თავის მანქანაში და დიდი სისწრაფით გააქანა კლინიკისკენ, მაგრამ დაგვიანდა, გული უკვე გაჩერებული იყო. წუთები დაგვაკლდა, ,,გორმედში“ რომ ის დრო არ დაგვეკარგა, შეიძლება, გადარჩენილიყო, - ამის შესახებ გორში გარდაცვლილი 4 წლის თომა წიქარიძის ბებიამ განაცხადა. ლამარა ლაფერაშვილის თქმით, პედიატრ ნინიაშვილთან ვიზიტისას, ბავშვისთვის არანაირი ანალიზი არ გაუკეთებიათ, არც სისხლის ანალიზი, არც რენტგენი და გართულებული მდგომარეობის მიუხედავად, ექიმს არც სტაციონარული მკურნალობა შეუთავაზებია.
,,ბავშვს ჯერ ცოტა გამონაყარი დაეწყო, მერე მოემატა, მესამე დღეს უკვე ძალიან ჰქონდა და მეოთხე დღეს მივიყვანეთ ექიმთან, ნინიაშვილთან. შეიცხადა, ვაიმე, როგორი გართულებულია, ასეთი რამ არ მინახავსო. მოუსმინა ფილტვებზე, არაფერი აქვსო, მაზი და ბეტადინის ხსნარი გამოუწერა, დაუმუშავეთო, შევხედოთ ორი დღე, უკვე ისეა, რომ მიწყნარდებაო და წამოვიყვანეთ. ვუთხარით, რომ ტემპერატურა 39 გრადუსამდე ასდიოდა ბავშვს, პარაცეტამოლი მიეცითო.
წამოვიყვანეთ, შევასრულეთ რა დანიშნულებაც მოგვცა, მაგრამ არანაირი შედეგი არ იყო, მეორე დღე რომ გათენდა, ექიმს ისევ დავურეკეთ და მდგომარეობა ვუთხარით, ბავშვის დედამ ისიც უთხრა, რომ ბავშვს ფეხის კუნთი გაუმაგრდა, დაუსივდა და ვეღარ ადგამდა, ამაზე მოგვცა რეკომენდაცია, რომ გამაყუჩებელი მიგვეცა. როგორც მოგვიანებით გავიგეთ, სეფსისის ნიშანი ყოფილა, როცა ექიმთან გვყავდა, გამონაყარის ბუშტუკებსაც სილურჯე დაჰკრავდა ეგეც სეფსისის მანიშნებელი ყოფილა.
როგორ ვერ გაიგო ექიმმა, როგორ არ გაუჩნდა ეჭვი, ან შემოეთავაზებინა მაინც, რომ ანალიზები გაგვეკეთებინა, არანაირი ანალიზი არ გაუკეთებიათ, არც სისხლის ანალიზი, არც რენტგენი, თანაც, თვითონვე რომ აღნიშნა, ასე გართულებული არ მინახავსო, ის მაინც ეთქვა, საავადმყოფოში დავაწვინოთო. რომ მივხვდით, შედეგი არ იყო, ბავშვის თბილისში წაყვანას ვგეგმავდით, მაგრამ შევატყვეთ, რომ ბავშვი ვერ იყო კარგად, მდგომარეობა რთულდებოდა, შეგვეშინდა, თბილისამდე უარესად არ გახდესო და შევიყვანეთ ისევ ,,გორმედში“. შესასვლელში სკამზე დავსხედით, გამოვიდა ექიმი, ვუთხარი, ბავშვი ცუდადაა მეთქი, დახედა თომას და - ,,უი, ჩუტყვავილა აქვს, ამას ვერ მივიღებთო, იმ პალატაში სხვა ბავშვი წევს და იქ ვერ შევიყვანთო, იმ მეორეში სხვა წევს და ვერც იქო. მერე გააღო რომელიღაც ოთახის კარი და იქ შევიყვანეთ, დააწვინა ბავშვი დედამ, ვეუბნები, სასწრაფოდ, ან გადასხმა გაუკეთეთ, ან რამე მეთქი.
უი, სად არის ნეტა ექთნი, აბა, ექთანს არა სცალიაო, მერე ექთანმა გამოსძახა კარიდან - აქ ვარო... მივხვდით, რომ ბავშვის მდგომარეობისთვის სხვაგან გადაყვანა ჯობდა და ვუთხარით, იქნებ რეანიმობილი გამოიძახოთ მეთქი. მიპასუხა, ეგ ასე მალე ვერ იქნებაო, ჯერ ისტორია უნდა შევავსოთო, მერე რეანიმობილსაც დრო უნდაო. ვუთხარი, რა დროს ისტორიაა, ხომ ხედავთ, ბავშვი ძალზე ცუდადაა მეთქი, რამდენი ხანი დასჭირდება რეანიმობილის თბილისიდან ჩამოსვლას და არ დაგვიანდეს მეთქი.
ამიტომ გადავწყვიტეთ, ჩვენ წაგვეყვანა თბილისში, მხოლოდ დრო დავკარგეთ ,,გორმედში“ და ის დრო რომ არ დაგვეკარგა, იქნებ გადარჩენილიყო ბავშვი, სულ 5 წუთი დაგვაკლდა კლინიკამდე, ვიდრე მივედით, დაიღუპა ბავშვი. რომ მივუახლოვდით თბილისს, გზიდან დავრეკეთ სასწრაფოში, გვითხრეს, ადგილმდებარეობა გვითხარით, გაჩერდით და ახლავე გამოვდივართო. დრო რომ არ დაგვეკარგა, არც გავჩერდით, დავინახეთ პატრული, გავაჩერეთ და დახმარება ვთხოვეთ, პატრული წინ ჩაგვიდგა, მაგრამ ბავშვი უკიდურესად ცუდად გაგვიხდა, სულ ცოტა მანძილი იყო დარჩენილი კლინიკამდე, პატრულმა გადასვა ბავშვი თავის მანქანაში და დიდი სისწრაფით გააქანა, მაგრამ დაგვიანდა, გული უკვე გაჩერებული იყო.
წუთები დაგვაკლდა, ,,გორმედში“ რომ ის დრო არ დაგვეკარგა, შეიძლება, გადარჩენილიყო. ,,გორმედიდან“ წაყვანისას არც კი გვითხრეს, რომ სად მიგყავთ, ცუდად არის ბავშვი და აქ ჩავუტარებთ პირველად დახმარებასო. ღმერთის წინაშე დავიფიცებ, არაფერი არ უთქვამთ“, - აღნიშნა გარდაცვლილი თომა წიქარიძის ბებიამ. შეგახსენებთ, სავარაუდოდ, ჩუტყვავილას გართულების შედეგად, გორში 4 წლის ბავშვი გარდაიცვალა.
გორის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრმა აღნიშნულ ფაქტზე მოკვლევა დაიწყო. ცენტრის ხელმძღვანელის, მარი გიუნაშვილის განცხადებით, მოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ მცირეწლოვანის გარდაცვალების მიზეზი ჩუტყვავილას გართულება გახდა. ამასთანავე, სავარაუდოდ, ჩუტყვავილას გართულების შედეგად გარდაცვლილი 4 წლის ბავშვის საქმის შესწავლა დაიწყო სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ. რაც შეეხება ,,გორმედს“, კლინიკის ინფორმაციით ბავსვის სტაციონარულ მკურნალობაზე უარი მშობლებმა განაცხადეს. პაციენტისთვის შეთავაზებული იყო მკურნალობის-გამოკვლევის სქემა და ამისთვის საჭირო იყო მისი მოთავსება სტაციონარში, რაზეც პაციენტის მშობლებმა განაცხადეს უარი, თვითნებურად დატოვეს კლინიკა, - ამის შესახებ სამედიცინო ქსელ ,,გორმედის“ პედიატრიული განყოფილების ხელმძღვანელმა ლია ლაზარაძემ განაცხადა. ლაზარაძის ინფორმაციით, აღნიშნულ ფაქტზე დაწყებულია შიდა მოკვლევა და ექსპერტიზის პასუხს ელიან. ,,პირველ რიგში, მინდა, თანაგრძნობა გამოვხატო მომხდარის გამო. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით მოგახსენებთ, რომ პაციენტი, 4 წლის, კლინიკაში, მიმღებ განყოფილებაში შემოყვანილ იქნა 17 მაისს, ღამის 3:50 საათზე, მორიგე ექიმის მიერ ვერიფიცირებულ იქნა ჩუტყვავილის დიაგნოზი, პაციენტისთვის შეთავაზებული იყო მკურნალობის-გამოკვლევის სქემა და ამისთვის საჭირო იყო მისი მოთავსება სტაციონარში, რაზეც პაციენტის მშობლებმა განაცხადეს უარი, თვითნებურად დატოვეს კლინიკა.
აღნიშნულ თემაზე მეტს ვერაფერს მოგახსენებთ, რადგან მიმდინარეობს მოკვლევა და ველოდებით ექსპერტიზის პასუხს. მორიგე ექიმის გადმოცემით, მკურნალობაზე განაცხადეს უარი. კლინიკის თვითნებურად დატოვებაზე ხელი არ მოუწერიათ არაფერზე, თუმცა გვაქვს დამადასტურებელი ისტორია, ჩვენ შეგვიძლია ოქმის შედგენა. მეტს ვერაფერს გეტყვით - რაც პირველ ეტაპზე იყო მიზანშეწონილი, შეთავაზებული იყო, შესთავაზეს სტაციონაში დაწოლა, გამოკვლევები, მკურნალობა. შემდგომ რისი საჭიროება დადგებოდა, ეგ თანდათან გამოიკვეთებოდა. რაც შეეხება ამბულატორიულად მომართვას, ვერაფერს გეტყვით, როგორც აღვნიშნე, ამაზე შიდა მოკვლევაა დაწყებული, უახლოეს ხანში გვეცოდინება უფრო მეტი და გეტყვით“, - განაცხადა ლია ლაზარაძემ.