როგორ შეიცვალა მიწის ღირებულება თბილისში უბნების მიხედვით. კვლევა ამის შესახებ "თიბისი კაპიტალმა" ჩაატარა. ირკევა, რომ გასული წლის განმავლობაში დეველოპერული მიზნებისთვის დედაქალაქში ყველაზე მეტი მიწა დიდ დიღომში გაიყიდა, ჯამში 962 მიწის ნაკვეთი. გაყიდული მიწების რაოდენობით მეორე ადგილზეა სამგორი, მესამეზე კი - ისანი.
რაც შეეხება მიწის ღირებულებას, თბილისის უბნებში, ყველაზე მაღალი საშუალო ფასებით ცენტრალური უბნები გამოირჩევა, კერძოდ - მთაწმინდა, ვაკე და საბურთალო. ბათუმის შემთხვევაში, გარეუბნებთან შედარებით პერიფერიებში მიწის ტრანზაქციების გაცილებით მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება. თუმცა, მიწის ღირებულების თვალსაზრისით, გარეუბნებში არსებული ფასი მნიშვნელოვნად აჭარბებს პერიფერიებს. კვადრატული მეტრის ფასი საშუალოდ 126 დოლარს შეადგენს.
ამასთან, აღსანიშნია, რომ მიწის ფასების წლიური ზრდით ქუთაისი ლიდერობს. ყველაზე დაბალი ფასები გორში, თელავსა და ზუგდიდში შეინიშნება. 2022 წელს ამ ქალაქებში მიწის საშუალო ფასი კვადრატულ მეტრზე 10 დოლარზე ნაკლები იყო.